უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს დამშვიდება ურჩია.
17 სექტემბერს ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი იძულებულია პოლონეთთან და ლიეტუვასთან საზღვარი ჩაკეტოს, ხოლო უკრაინასთან კი სასაზღვრო რეჟიმი გაძლიერდება. ბელარუსის პრეზიდენტმა პოლონელ, ლიეტუველ და უკრაინელ ხალხს მოუწოდა, თავიანთი შეშლილი პოლიტიკოსები შეაჩერონ და ომის გაჩაღება არ დაუშვან.
„ნებისმიერი ქვეყნის ხალხს საკუთარი ბედის გარე ჩარევების გარეშე განსაზღვრის უფლება აქვს. ასე რომ, წყალი დალიეთ და დამშვიდდით, ბატონო ლუკაშენკო. უკრაინელები ბელარუსების მეგობრები არიან. ნუ ადანაშაულებთ მეზობლებს. საკუთარ თვალში ეძებეთ დირე. უკრაინა სხვა ქვეყნების საქმეებში არ ერევა“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.