ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის დროს პალესტინელმა რადიკალებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ინფორმაციას ამის შსახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გამოუშვეს. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მეშვეობით ერთი რაკეტა ჩამოვაგდეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მეორე რაკეტა ქალაქ აშდოდის ერთ-ერთ ქუჩაზე დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
15 სექტემბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ისრაელის მხრიდან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოაწერა. ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საგარეო საქმეთა მინისტრები წარმოადგენდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ხუთი ან ექვსი არაბული სახელმწიფო ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას დადებს.