ინდოეთში COVID19-ით ინფიცირების შემთხვევებმა ხუთ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება.
გამოცემის ცნობით, 2020 წლის 15 სექტემბრამდე ყოველდღიურად ინდოეთში 90 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდებოდა. პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ვირუსმა 80 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
შემთხვევების მატების ფონზე, ინდოეთის მთავრობა შეზღუდვებს ამსუბუქებს, რათა ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყოს. პანდემიის დაწყების შემდეგ ინდოეთში სამსახური მილიონობით ადამიანმა დაკარგა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.