საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებისგან ზოგიერთი რაიონის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ყველა გამგებელი, რომელიც ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს პირადი კეთილდღეობისთვის, კომფორტული კაბინეტებისა და ძვირად ღირებული ავტომანქანებისთვის ხარჯავს, თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.
ზოგიერთ რაიონში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ პრეზიდენტს “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა დავით კირკიტაძემ აცნობა.
მისი განმარტებით, დარღვევები ხონის, ონისა და ქარელის საკრებულოებსა და გამგეობებში გამოვლინდა.
“რწმუნებულებს ვავალებ, გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქმიანობა საკუთარი კეთილდღეობის მოწყობით დაიწყო და ხალხისთვის არაფერი გააკეთა.
ვისაც ჰგონია, თანამდებობა ჩინ-მედლებია, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვის მივანიჭეთ, ცდება”, - განაცხადა პრეზიდენტმა.