“მიმაჩნია, რომ მიუხედავად შეცდომებისა, საქართველოს უახლეს ისტორიაში გიორგი გახარიას მსგავსი პრემიერი არ გვყოლია”,- ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ექსპერტმა ინტერვიუში, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა.
“თუ სოციალურ ქსელებს გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს არც სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს და ათას სისულელეს წერენ. არსებობენ მორწმუნეები, რომელთაც ქრისტესი სჯერათ, ვიღაცას სჯერა ალაჰის და ა.შ., თუმცა არსებობენ ათეისტები, რომელთაც არ სჯერათ ღმერთის არსებობის. იმ ადამიანებს, რომელთაც დედამიწის ზურგზე არაფრის სჯერათ, მათ შორის – არც კორონავირუსის, სოციალურ ათეისტებს დავარქმევდი. ასეთ ურწმუნოებს კორონავირუსი რომც შეეყაროთ, ალბათ, მაინც იძახებენ, არ არსებობსო… ეს არის ბავშვური ინფანტილური სინდრომის გამოძახილიც, ანუ თუ თვალებს დახუჭავ, ყველაფერი კარგად იქნება. სხვათა შორის, მგონია, რომ ამ ინფანტილური სინდრომით არის გამოწვეული ჩვენში პარტიების ასეთი რაოდენობაც – 60-ზე მეტი… ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა კარგი რაღაც – ქართველებს დიდი ამბიციები გვაქვს, შესაძლებლობები კი პატარა, გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით, მაგრამ არაფერი რომ არ ვიცით, ეს არ ვიცითო.
მოგეხსენებათ, მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. თუ პოლიტიკურ თავშეყრას აკრძალავ, გეტყვიან, რომ შენ ამას პოლიტიკური მიზნით აკეთებ და სახელმწიფო რესურსით უშლი ხელს ოპონენტებს არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობაში… არ კრძალავენ და იმავე პოლიტიკოსებისგან გვესმის განცხადებები, თუ თეატრებს, ქორწილებს, ქელეხებს ზღუდავ, რატომ არ არის პოლიტიკური შეხვედრები აკრძალულიო. მოკლედ, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო… არადა, ყველას ინტერესი უნდა იყოს ვითარების დასტაბილურება. ყველასთვის ცხადია ისიც, რომ ქელეხებსა და ქორწილებში პირბადეებს არავინ იკეთებს, პოლიტიკურ შეხვედრებზე კი, თუ მოინდომებენ, ამის გაკონტროლება თვითონ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ისევე, როგორც დისტანციის დაცვა…
რაც შეეხება, “ოცნების” სიის შემადგენლობას მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არა მგონია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვინ არის ამ სიის მთავარი ფიგურა და ეს არის გიორგი გახარია – სწორედ მას აქვს დღეს ორთქლმავლის ფუნქცია… სხვა მხრივ აშკარაა, რომ პირველ ათეულში ერთგული ხალხი შეიყვანეს, დანარჩენები კი უცნობები არიან, მათი შესაძლებლობებისა და პროფესიონალიზმის შესახებ არაფერი მსმენია, გარდა იმ ორი სპორტსმენისა, რომელთა გვარებიც გამიგია და თამაშიც მინახავს, მაგრამ რამდენი წიგნი აქვთ წაკითხული და რა იციან პოლიტიკური მეცნიერებებისა, წარმოდგენა არ მაქვს… სულ ვამბობდი და დღესაც მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა უვარგისია, რადგან, როგორც წესი, არსებობს ჯოკერი – ლიდერი და შემდგომ მოდის უსახო ადამიანების სია, მაჟორიტარულ სისტემაში კი პიროვნებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩვენთან ეს პროცესიც დამახინჯებულად მიმდინარეობდა. არაფერი ახალი ამ საარჩევნო კამპანიაში არ არის. ძირითადად, პოლიტიკოსების სატელევიზიო დაპირისპირებას ვუყურებთ და ვიცინით… აი, ასეთ მარტივ პროცესამდეა დაყვანილი ქართული პოლიტიკა – არავინ ლაპარაკობს პროგრამებზე და არც არავინ ისმენს.
ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” გამარჯვებისთვის ერთი ჯოკერი ეყოფა, თუმცა “ქართულ ოცნებას” ჰყავს სხვა მთავარი ჯოკერიც – ივანიშვილი. რაც შეეხება გახარიას, მიმაჩნია, რომ მიუხედავად შეცდომებისა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი პრემიერი არ გვყოლია. ის შეიძლება არ გამოირჩევა განსაკუთრებული ქარიზმით, არ არის დიდი ორატორი, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს, ზრუნავს მოსახლეობაზე, ეკონომიკაზე, გამოიჩინა თავი, როგორც კარგმა კრიზისმენეჯერმა, თუმცა უახლოესი კვირების განმავლობაში მას კიდევ ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს. რაც შეეხება შეცდომებს, ვინც აქტიურობს, ის შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ გახარიას გამოარჩევს ის თვისებაც, რომ ის ხედავს საკუთარ შეცდომებს და მათ გამოსწორებას ცდილობს. რაც შეეხება სპორტსმენების პოლიტიკაში მოყვანას, რასაც ყველა სახელისუფლებო ძალა ცდილობს ხოლმე, მე მათგან პოლიტიკაში წარმატებული არავინ მინახავს, თუ კახა კალაძეს არ ჩავთვლით, მაგრამ კალაძე არავის მოუყვანია, ის თავისი სურვილით შემოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობით მიაღწია ამ ყველაფერს. კალაძეც ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ძალიან აქტიურია. ის უდავოდ დიდი ნებისყოფის ადამიანია და ამის წყალობით იქცა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავადაც და პოლიტიკოსადაც… სპორტსმენები პოლიტიკაში იმიტომაც მოჰყავთ, რომ ცნობილი ადამიანები არიან და ფიქრობენ, რომ მათ ამის გამო მისცემენ ხმას, მაგრამ ეს მცდარი დამოკიდებულებაა… თუ “ქართული ოცნება” ვინმეს არ მოსწონს, არა მგონია, მას სანიკიძის ან კაჭარავას გამო დაუჭიროს მხარი.
პრემიერობის კანდიდატის წარდგენაზე სულ ტყუილად წაეკიდნენ ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი”. სრულიად დარწმუნებული ვარ, ვერც სააკაშვილი და ვერც ვაშაძე პრემიერები ვერ გახდებიან. თავდაპირველად იყო ორი ძალა – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. მერე ეს უკანასკნელი გაიხლიჩა და გაჩნდა “ევროპული საქართველო” და “სტრატეგია აღმაშენებელი”, მაგრამ ეს სამივე მაინც “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატზე მუშაობს. საქმე ის არის, რომ “ნაცმოძრაობიდან” გამოყოფილმა ძალებმა ვერ დააჯერეს საზოგადოება, რომ ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან დედა პარტიისგან, შესაბამისად, ე.წ. მიუმხრობელი ამომრჩევლის ხმების მიღების პერსპექტივაც ნაკლებად აქვთ. იყო ცდა, შექმნილიყო ოპოზიციური ერთობა, რაზეც თავიდანვე ვამბობდი, რომ არ გამოვიდოდა და ასეც მოხდა. ამის მიზეზი უმთავრესად ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის სახელმწიფოზე მნიშვნელოვანი საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის აქამდეც ხშირად გვპირდებოდა ჩამოსვლას. ხან წყლით მოდიოდა, ხან _ ხმელეთით, მაგრამ ფაქტია, აქამდე ვერ მოაღწია. ესეც უკვე ნაცნობი ტექნოლოგიაა, რითაც თავის სტაბილურ ამომრჩეველს გულს უმაგრებს.
რაც შეეხება პატარა პარტიებს, ძალიან კარგი, რომ, ფაქტობრივად, უბარიერო ცენზი გვაქვს. იმედია, მოხერხდება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და საჭირო იქნება ამ პატარა პარტიების რესურსის გამოყენება. ძალიან მინდა, ასე მოხდეს. ამის ალბათობა ჯერჯერობით დიდი არ არის, თუმცა, ვნახოთ…. კოალიციის შემთხვევაში უფრო დაბალანსებული იქნება მთავრობა, უფრო ფრთხილი და მოზომილიც… ნებისმიერ დროს შეიძლება დაიშალოს კოალიცია და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გახდეს საჭირო, ამიტომაც მგონია, რომ მთავრობა მეტად იფრთხილებს. მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რაც შეიძლება კოალიციურ მართვას ახლდეს, მაინც ვფიქრობ, რომ კოალიციური მთავრობა საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესია.
რაც შეეხება კონგრესის ანგარიშს, ჩემი აზრით, ბევრმა ამერიკელმა კანონმდებელმა დაუშვა შეცდომა, როდესაც საინვესტიციო გარემოს კრიტიკის პარალელურად, გიორგი რურუა გამოაცხადეს პოლიტიკურ პატიმრად. როგორც ჩანს, რურუა რომ პოლიტპატიმარი არ არის, ხელისუფლებამ დაასაბუთა და ამის მაგალითზე მიუთითა, რომ სხვა მიმართულებით კრიტიკისასაც ცდებოდნენ ამერიკელი კონგრესმენები.. ჩემი აზრით, ამის შემდეგ აშშ-ში სერიოზულად დაფიქრდნენ, ვინ სჯობია იყოს ხელისუფლებაში – არაპროგნოზირებადი ოპოზიცია თუ ძალა, რომელიც რვა წელია, მეტ-ნაკლებად ართმევს თავს ქვეყნის მართვას და მათ რეკომენდაციებს 90%-ით მაინც ასრულებს. ოპოზიცია ამბობდა, დაუყადაღებენ ივანიშვილს ანგარიშებსო, მაგრამ აბა, სად არის დაყადაღებული ანგარიშები?! ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი რასაც ამერიკელებს ჰპირდება, ცდილობს, შეასრულოს კიდეც. მოკლედ, პოლიტიკაში ამჯობინებენ პროგნოზირებად მტერს ან ნეიტრალურ ძალას, ვიდრე არაპროგნოზირებად მეგობარს, მით უფრო, რომ ივანიშვილი დასავლეთის მტერი არ არის… თუმცა, ამასთანავე, ანგარიშში არის კრიტიკაც, მაგალითად, კორუფციის რისკზე. აქ ვკითხულობთ: “კორუფცია რჩება პრობლემად სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, სახელმწიფო მართვის პრაქტიკასა და სასამართლო სისტემაში არაზუსტი კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების გამო” – ამაზე მეტი რაღა უნდა დაეწერათ?! ზომიერად, დიპლომატიური ენით მიგვითითეს პრობლემებზე. ჩვენც ხომ ვიცით, სახელმწიფო შესყიდვებსა და სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემები რომ არის?!”, – განაცხადა თვალჭრელიძემ.