ბელგია ისევ წითელი ზონაა

ბელგია ისევ წითელი ზონაა

ბელგია ისევ წითელი ზონაა, კორონავირუსის შემთხვევები აქ ყოველდღიურად იზრდება. ხელისუფლება მოქალაქეებს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, დამსაქმებლებს კი ურჩევს, თუ ამის საშუალებაა, თანამშრომლებმა სახლიდან იმუშაონ.

მეორე ტალღა ბელგიაში აგვისტოში დაიწყო და მონაცემები მარტის სტატისტიკას გაუტოლდა. შეზღუდვების გამკაცრებიდან ორი კვირის შემდეგ კი, მონაცემებმა იკლო, თუმცა ანტვერპენში კომენდანტის საათიც იყო გამოცხადებული. შეზღუდვების მოხსნის პერიოდში, ბელგიაში 350-ზე ნაკლები შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამ კვირაში კი სპეციალისტებმა ისევ გამოაცხადეს, რომ მონაცემები გაიზარდა და ყოველდღიური მაჩვენებელი ახლა უკვე 520-ს შეადგენს. ასევე გაიზარდა კლინიკაში გადაყვანილთა რაოდენობა - როგორც ცნობილია, ბელგიაში, საავადმყოფოში მხოლოდ უკიდურესად მძიმე პაციენტები გადაჰყავთ. ინტენსიურ განყოფილებაშია 65 ადამიანი, 235 - საავადმყოფოებში. თუმცა აღნიშნავენ, რომ თუ წესები არ იქნება დაცული, ინფიცირებულთა რიცხვმა შესაძლოა, 1 000-ს მიაღწიოს.

რაც შეეხება ტესტირებას, ბელგიის დატოვებისას სავალდებულოა ტესტირების გავლა, რასაც 72-საათიანი ვადა აქვს, ექიმთან ჩაწერა კი გართულებულია გაზრდილი მიმართვიანობის გამო. ბელგიიდან მხოლოდ ლიხტენშტეინში შეიძლება წასვლა გარკვეული პირობების გარეშე, დანარჩენ ქვეყნებში 14-დღიანი კარანტინი მოქმედებს და სავალადებულოა ტესტირება.

როგორც ცნობილია, ევროპარლამენტის პლენარული სხდომა სტრასბურგიდან ბრიუსელში გადაიტანეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.