ნაცრეჟიმის მიერ დაკანონებული ყაჩაღობა და “ქართული ოცნების გამოცდა (დასასრული)

ნაცრეჟიმის მიერ დაკანონებული ყაჩაღობა და “ქართული ოცნების გამოცდა (დასასრული)

ახლა მივადექით მეტად საგულისხმო საბანკო სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც კარგად ირკვევა, რომ ბანკების საკრედიტო პორტფელი ფულით არის გაძეძგილი და კაპიტალის უკმარისობა და საკრედიტო რესურსზე მოთხოვნის სიჭარბე მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამოცხადების საფუძვლად ვერ გამოდგება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2012 წლის იანვარ–ოქტომბერში საბანკო სექტორის საკუთარმა სახსრებმა, ანუ სააქციო კაპიტალმა 2, 294 მლრდი ლარი შედგინა. კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის საკ­რე­დი­ტო და­ბან­დე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 2012 წლის სექტემბრისთვის 8,4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 12.5 მლრდ ლარია.

ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იური­დი­უ­ლი პი­რე­ბის დაკ­რე­დი­ტე­ბის მთლი­ან მო­ცუ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი ხვედ­რი­თი წი­ლი - 46.4 პრო­ცენ­ტი ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ზე მო­დის და 1.9 მლრდ ლა­რი შე­ად­გი­ნა. მრეწ­ვე­ლო­ბა­ზე გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის წილ­მა იური­დი­ულ პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი ვა­დი­ა­ნი სეს­ხე­ბის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა­ში 21.0 პრო­ცენ­ტია, რაც 2012 წლის პირ­ვე­ლი მარ­ტი­სათ­ვის 880.1 მლნ ლა­რით გა­ნი­საზღ­ვ­რა, ხოლო 10.1 პრო­ცენ­ტი მო­დის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რაც 425.3 მლნ ლა­რია.

2012 წლის მარტისთვის რე­ზი­დენ­ტი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის დაკ­რე­დი­ტე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 3.2 მლრდ ლარს მი­აღ­წია. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ლომის წილი ამ მილიარდებში სწორედ სამომხმარებლო სესხებზე, ანუ უცხოური საქონლის შესაძენ სესხებზე მოდის.

საბანკო კრედიტების გაიაფება, ანუ საპროცენტო განაკვეთების შემცირების საკითხში სახელმწიფო რეგულირებით ჩარევა, ლიბერტიანული ეკონომიკის მიმდევარ ექსპერტებს ბიზნესის ინტერესების შელახვად და უკანონობად მიაჩნიათ, არადა, სწორედ ამგვარი რეგულირების მაგალითი იყო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 625-ე მუხლი, რომელშიც ჩაწერილი იყო, რომ: სესხისთვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონოვრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია.

ეს მუხლი გაუმაძღარ მევახშეებად ქცეული ბანკებისა და მცირე საკრედიტო კომპანიებისათვის გარკვეულ აღვირს წარმოადგენდა, რომელთა მიზანია მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთებით, რომლებიც ზოგან 30-დან 60%-მდე აღწევს, მევალეების კაბალურ მდგომარეობაში ჩაყენება და მათი ძარცვა-დაყაჩაღება.

სამწუხაროდ, ნაცბანდის კანონმდებლობამ, ხელი რომ არ შეშლოდათ კრედიტორებს მოსახლეობის ძარცვაში, ეს მუხლი, 2007 წლის 29 მაისის ცვლილებით, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ გააუქმა და მხოლოდ პირველი ფრაზა დატოვა, რომლის მიხედვითაც :

მუხლი 625. პროცენტი სესხისათვის (29.06.2007 N5127)

სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

აღნიშნული პრობლემა თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე აღარ წარმოადგენს კერძო პირთა ინდივიდუალურ პრობლემას. იგი უკვე სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან სოლიდარულად გადაწყვეტას მოითხოვს, მითუმეტეს, აღნიშნული მდგომარეობა იპოთეკის შესახებ კანონმდებლობის საბანკო სექტორისთვის ტენდეციურმა მორგებამ გამოიწვია იმ საკანონმდებლო ცვლილებების სახით, რომელიც ნაცრეჟიმის პარლამენტმა განახორციელა.

ამის დასტურია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ქვემოთ მოყვანილი ცვლილებები:

მუხლი 300. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადასვლა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში (29.06.2007 N5127)

1.იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ამ კოდექსით გათვალისწინებულ საფუძველზე შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით.

კოდექსის ამ ცვლილებამ უამრავი ადამიანს საცხოვრებელი ბინები დააკარგვინა ან მისი დაკარგვის წინაშე დააყენა. გაჭირვებულ მოქალაქეებს ბანკები სესხების გაცემას სთავაზობენ ამგვარი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში და ეს უკანასკნელნიც იძულებულნი არიან ხელი მოაწერონ ასეთ კაბალურ ხელშეკრულებებს.

როგორც კანონი მოითხოვს, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, მაგრამ მისი საწყისი ფასის განსაზღვრა ბევრ შემთხვევაში ხდება მოვალის საზიანოდ, რადგან აუქციონის ჩამტარებელი დაინტერესებულია რომ აუქციონი შედგეს და ამიტომ ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები ფასი დაადოს იპოთეკის ობიექტს. ამის საშუალებას მას აძლევს ამავე კოდექსის შემდეგი მუხლი:

მუხლი 306-4. აუქციონის ჩატარება (29.06.2007 N5127)

  1. უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება არ მოხდება. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული. (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

ამ მუხლის შინაარსი იპოთეკაში ჩადებული ქონების მესაკუთრის ინტერესების სრული უგულვებელყოფის გამოვლინებაა. უძრავი ნივთის საწყისი ღირებულება იმის ნაცვლად რომ მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით განისაზღვროს, ისაზღვრება ბანკის მიერ გაცემული კრედიტისა და აუქციონის პროცესის ხარჯების ჯამის ოდენობით. ესე იგი, თუ ვთქვათ მოვალეს აქვს 10 ათასი დოლარის ექვივალენტი ღირებულების ლარის ოდენობის კრედიტი, იპოთეკის რეალიზაციის ხარჯი შეადგენს, ვთქვათ, 500 დოლარს, მაშინ იპოთეკით დატვირთული ქონება შესაძლებელია შეფასდეს 10 500 დოლარად, მაშინ როცა მისი რეალური საბაზრო ღირებულება შესაძლოა ბევრად მეტია, თუნდაც 70 ათასი დოლარი.

მიგვაჩნია, რომ ეს არის ზოგადად საკუთრების უფლების შელახვა და მესაკუთრის ინტერესებისათვის მაქსიმალურად ზიანის მიყენების ხარჯზე ცალმხრივად კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილება, რაც სახელმწიფოს მიერ განზრახ დაშვებულ სოციალურ უსამართლობად შეიძლება შეფასდეს.

შემდგომში კიდევ უარეს დღეში ვარდება მოვალე:

მუხლი 307. მეორე აუქციონი (29.06.2007 N5127)

3. მეორე აუქციონის ჩატარების დროს უძრავი ნივთის საწყისი ფასი უნდა იყოს პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი ან კრედიტორის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში – უფრო მცირე თანხა. 

ამ მუხლის მითითებული პუნქტი საკრედიტო ხელშეკრულების ერთი მხარის, კერძოდ მოვალის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების კიდე ერთი გამოვლინებაა.

ეს ნიშნავს, რომ იპოთეკაში ჩადებული ქონების ხშირ შემთხვევაში ისედაც ბევრად შემცირებული საწყისი ღირებულების განახევრება, ან კრედიტორის ნება-სურვილით უფრო მეტად შემცირებაა შესაძლებელი. ეს კრედიტორს მარტივი მაქინაციების განხორციელებით სრულიად შეუსაბამოდ შემცირებულ ფასებში მოვალის უძრავი ქონების ხელში ჩაგდების საშუალებას აძლევს. ამას ხელს უწყობს ამავე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც კრედიტორისა და მოვალის შეთანხმებით შესაძლებელია მოთხოვნა დაკამაყოფილდეს კრედიტორისათვის უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემით.

5. თუ მეორე აუქციონზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ვერ გაიყიდა, კრედიტორისა და მოვალის (უძრავი ნივთის მესაკუთრის) შეთანხმებით შესაძლებელია მოთხოვნა დაკმაყოფილდეს კრედიტორისათვის უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში ხარჯების დაფარვა დაეკისრება კრედიტორს. (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

ამავე მუხლის მე-6 პუნქტი საერთოდ სამართლებრივი კურიოზია. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი და მოვალე ვერ შეთანხმედება, მაშინ აუქციონის მომწყობი სპეციალისტი ატარებს მესამე აუქციონს და საზღვრავს უძრავი ნივთის გაყიდვის წესს. ამ წესის მთავარი მოტივი ის არის, რომ უძრავი ნივთი გაიყოდოს, მაგრამ არანაირი მითითება და ინსტრუქცია არ არსებობს, თუ რა წესები შეუძლია დაადგინოს სპეციალისტს. ანუ, გამოდის რომ აღნიშნულ სპეციალისტს ეძლევა უფლება საერთოდ ქონების საბაზრო ღირებულების თუნდაც 10 პროცენტის საფასურად გაყიდოს იპოთეკის ობიექტი.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სპეციალისტი ატარებს მესამე აუქციონს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში. მესამე აუქციონზე უძრავი ნივთის გაყიდვის წესს განსაზღვრავს სპეციალისტი. მესამე აუქციონი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უძრავი ნივთი გაიყიდოს. (15.07.2008 N 219 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან)

ასევე მოვალეთა ქონებრივი უფლებების შელახვის გამოვლინებაა კანონში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ის ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ნატურით გადაცემას: მუხლი 771. ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემა.

ამ შემთხვევაშიც სრულიად არ არის გათვალისწინებული მოვალის, ანუ სახელმწიფოს წინაშე დავალიანების მქონე სუბიექტის ინტერესები და მისი ქონების საბაზრო ღირებულებასა და დავალიანებას შორის მაქსიმალური სხვაობის მიუხედავად, აღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოს გადაეცემა.

მიგვაჩნია, რომ კოდექსის აღნიშნული ცვლილებები კრედიტების გამცემებში ხელს უწყობს ქონების ხელში ჩაგდების მოტივის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საბანკო კრედიტების პროცენტების მაღალი განაკვეთების შენარჩუნების ტენდეციაზე. შექმნილია ისეთი პირობები, როცა საბანკო სეგმენტი უფრო დაინტერესებულია იმაში, რომ მოვალემ სესხი ვერ დააბრუნოს, რათა შემდგომ მისი ქონება კაპიკების ფასად მის საკუთრებაში გადავიდეს.

აღნიშნული მახინჯი გარემოებები საერთო ჯამში ქვეყნის მაკროეკონომიკურ განვითარებასაც უშლის ხელს. ამავე დროს სოციალურ დაძაბულობას ქმნის იმით, რომ ათიათასობით მოქალაქე უსახლკაროდ რჩება, რომელთა დიდი ნაწილი სავსებით საფუძვლიანად უსამართლოდ დაჩაგრულად მიიჩნევს თავს, რაც მათ არა მარტო მთავრობის, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგაც განაწყობს.

ამგვარი კანონის მოქმედება შეიძლება შევადაროთ მომხვდური მტრის, დამპყრობლის მიერ მოსახლეობის ქონების სრულ ექსპროპრიაციასა და დაყაჩაღებას, რასაც შუასაუკუნეებში ჰქონდა ადგილი, როცა მომთაბარეთა ურდოები შეიჭრებოდნენ ცივილიზებულ ქვეყნებში.

ჩვენ არა მარტო მივუთითებთ იმ საკანონმდებლო მუხლებზე, რომლებიც სასწრაფო გაუქმებას უნდა დაექვემდებარონ, არამედ პარლამენტს ვთავაზობთ აღნიშნული კაბალური მუხლების ცვლილებების შინაარსსაც, რომლის მიხედვითაც არსებული აუტანელი მდგომარეობის გამოსწორება იქნება შესაძლებელი.

კონკრეტულად, აუქციონზე გატანამდე იპოთეკის საგნის საბაზრო ღირებულება უნდა შეფასდეს სპეციალისტების მიერ.

პირველ აუქციონზე უძრავი ქონების საწყისი ფასი უნდა იყოს მის საბაზრო ღირებულებაზე მაქსიმმუმი 10%-ით ნაკლები, ხოლო მეორე აუქციონზე მაქსიმუმი 20%-ით ნაკლები. აღნიშნულზე ნაკლებ ფასად იპოთეკური ქონების რეალიზაცია არ უნდა ხდებოდეს.

ჩასატარებელ აუქციონებს შორის ვადა მინიმუმი ერთი თვე მაინც უნდა იყოს. ბინების მყიდველთა დიდი ნაწილი ამგვარი წესით ჩატარებული აუქციონებით სავარაუდოდ მეტად დაინტერსედება მათი ხელსაყრელ ფასებში შეძენის დიდი შანსის გამო. ამ წესით იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვის ბევრ შემთხვევაში მოვალეებს დარჩებათ იმდენი თანხა, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ რომ შედარებით ნაკლები ღირებულების ბინები მაინც იყიდონ, რაც იქნება სოციალურად სამართლიანი.

მეორე აუქციონზე ბინის გაუყიდველობის შემთხვევაში იგი უნდა დარჩეს გასაყიდი ობიექტების სარეკლამო სიებში, მისი ღირებულების ყოველთვიურად მაქსიმუმი 0.5%-ის დამატებით.

ამავე დროს, აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი მედიის საშუალებით კარგად უნდა იყოს რეკლამირებული. ყოველ ქალაქში იგი უნდა იმართებოდეს ერთი და იგივე ადგილას. ამავე დროს, მყიდველებთან კომუნიკაციის ყოველდღიური საშუალება უნდა არსებობდეს. ეს ორგანიზაციული საკითხები კანონმდებლობით საბანკო გაერთიანებას უნდა დაეკისროს.

საბანკო პროცენტების მინიმუმი ორჯერ დაკლების პირობებში, ასევე, აუქციონების ყაჩაღური მეთოდებით ჩატარების გაუქმებით, სავარაუდოდ, მომავალში მკვეთრად მოიკლებს გაკოტრებული ბიზნესების რიცხვი, რაც მესაკუთრეთა მიერ იპოთეკით დატვირთული ბინების დაკარგვის ძირითადი საფუძველია.

საპროცენტო განაკვეთების ევროპულ დონემდე დაწევა, თავისთავად არ არის მარტივი საქმე და იგი მხოლოდ კომპლექსური წესით შეიძლება გადაწყდეს, კონკრეტულად როგორც საკანონმდებლო მეთოდებით, ისე იაფი საკრედიტო რესურსების ბაზარზე გამოტანით, რისი შესაძლებლობაც სწორედ ბანკ “ქართუს” გააჩნია.

ამჟამად, ივანიშვილის ხელშია არა მარტო კერძო ფინანსური, არამედ, სახელისუფლო (პრემიერ-მინისტრის პოსტით) და “ქართული ოცნების” საპარალამენტო უმრავლესობის სახით საკანონმდებლო და ფინანსური ბერკეტები და აქედან გამომდინარე, საქართველოში ბიზნესის განვითარებისა და მოსახლეობის დაკაბალების შესაძლებლობის მოსპობისათვის მის მიერ უახლოეს ხანებში შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესაძლობლები.

ჯერ-ჯერობით კი, ქობულეთში სახლ-კარის დაკარგვის წინაშე მდგომი 400 ოჯახის საპროტესტო გამოსვლებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და ხელისუფლებისა და საბანკო სტრუქტურების ყურადღება მიიპყრო. გადაწყდა, რომ ამ ქალაქში ბანკები შეაჩერებენ სახლებიდან მობინადრეების გამოსახლებას და ამავე დროს, ლაპარაკია პროცენტებისა და ჯარიმების გაუქმების შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ საქართველოს მასშტაბით ეს პრობლემას არ წყვეტს, ამიტომ უახლოეს ხანებში მთავრობის მხრიდან აუცილებელია კონკრეტული ღონისძიებების გატარება:

1. აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის) მიერ საჭიროა შემუშავდეს საბანკო კრედიტებით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება კომისია, რომელიც განახორციელებს მოვალეების დიფერენციაციას გარკვეული კრიტერიუმებით, კერძოდ, რომელთაც გააჩნიათ ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, მცირეწლოვანი შვილები და სხვა სოციალურად პირველ რიგში გასათვალისწინებელი ფაქტორები.

2. ბიუჯეტის თანხებითა და სხვა წყაროებით შეიქმნას საბანკო და სხვა კომპანიების სესხებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფონდი, რომელიც ზემოთ აღნიშნული კომისიის მიერ შედეგენილი დაზარალებულთა სიების მიხედვით საჭიროებისამებრ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს ბინების დაკარგვის წინაშე მდგომ მოქალაქეებს. იქიდან გამომდინარე, რომ 2013 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, უნდა განხორციელდეს განსაზღვრული თანხების მოძიება და ბიუჯეტის ცვლილებით შესაბამის მუხლებში გაწერა. კონკრეტულად, ბატონ სააკაშვილს, რომლის ეკონომიკურმა პოლიტიკამ აშკარა მევახშეობის მსხვერპლი გახადა ადამიანების დიდი არმია, ჩამოერთვას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სახელმწიფო სახსრებით აშენებული მდიდრული ვილები და აპარტამენტები და მათი რეალიზაციით მიღებული თანხები გამოყენებული იქნას ბანკების მიერ გაკოტრებული მოქალაქეების დასახმარებლად.

3. აღნიშნული ღონისძიებების გატარებამდე ხელისუფლებასთან შეთანხმებით საკრედიტო ორგანიზაციებმა შეაჩერონ იპოთეკით დატვირთული ბინების მისაკუთრება და გაყიდვა.

4. გადახდისუუნარო მოვალეებს ასევე ხელისუფლებასთან შეთანხმებით ამ ეტაპზე შეუწყდეთ საბანკო პროცენტებისა და ჯარიმების დარიცხვა სესხებზე.

5. უკვე მრავალრიცხოვან სოციალურ ფენად ქცეული უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საწყის ეტაპზე თავშესაფრებისა და შემდგომში ბინების მშენებლობა სახელმწიფოსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საქმიანობად უნდა იქცეს და კონკრეტული გეგმის მიხედვით უნდა ხორციელდებოდეს.

აღნიშნული დახმარების მიმღებ პირებს მითითებული სახელმწიფო ფონდის წინაშე ფინანსური ვალდებულები დაეკისრებათ და მრავალი წლის მანძილზე მათი შემოსავლებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ამ დავალიანების დაფარვის ვადების განსაზღვრა და გადახდა. სახელმწიფომ შემდგომში პირველ რიგში უნდა შეუწყოს ხელი ამ ადამიანებს დასაქმების პრობლემების გადაწყვეტაში, რაც მათ სესხების გადახდისუნარიანად აქცევთ.

 გაჭირვებაში ჩავარდნილი მოსახლეობის დახმარების მექანიზმები არ არის მთავარი. მთავარია იმის გაცნობიერება და აღიარება, რომ საქართველოში დღეს საბანკო და კერძო კრედიტებით, მევახშეობის ხელშემწყობი კანონმდებლობის გამო, ასევე 2008 წლის ომის, რუსეთთან საავაჭრო ემბარგოსა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად ათი ათასობით ოჯახი სრული გაკოტრებისა და გაუბედურების წინაშე დგას და მათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სჭირდება.

არავინ მოითხოვს კერძო პირის კერძო ფინანსებიდან, რაც არ უნდა მდიდარი იყოს ის, გაჭირვებაში ჩავარდნილი ამ ადამიანების დახმარებას, რადგან კერძო პირის იძულების უფლება, თუნდაც კეთილის საქმის საკეთებლად, არავის არა აქვს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი არის ფულის ის ყულაბა, სადაც მოსახლეობიდან გადასახადებით აკრეფილი თანხები იკრიფება, რომლის დანიშნულებაა არა მარტო სახელმწიფო მანქანის შენახვა, არამედ ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების მქონე მოსახლეობის მოვლა-პატრონობა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 800 მილიარდამდე დოლარი მოითხოვა. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებდა შემდეგ ღონისძიებებს: საფინანსო - საბანკო სისტემის მოწესრიგებას, მსხვილი საავტომობილო კომპანიების დახმარებას, 4 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, არალიკვიდური აქტივების ყიდვას, გარკვეული კონტიგენტის მოქალაქეებისათვის საბანკო საპროცენტო ტარიფების შემცირებას.

მიუხედავად თავისი ლიბერალური ეკონომიკისა, ანალოგიურად იაპონიამ 270 მილიარდი გამოყო ბანკებისთვის მოსახლეობისა და კომპანიების მიერ აღებული კრედიტების ვადის გაგრძელებისათვის, ხოლო 20 მილიარდი ერთჯერადი დახმარება საშუალო და დაბალ შემოსავლიან ოჯახებზე. თითქმის ანალოგიური-ეკონომიკის მასტიმულირებელი ღონისძიებები გაატარეს სხვა სახელმწიფოებმაც.

ამდენი მილიარდი ნამდვილად არ სჭირდება გაჭირვებაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს. რამდენიმე წლის მანძილზე ყოველწლიურად დაახლოებით 100–150 მილიონი ლარის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი კრედიტი საკმარისი იქნება, რომ მოხერხდეს მათი მაღალპროცენტიანი საბანკო საკრედიტო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია, ამ ადამიანების ეკონომიკურად გააქტიურება და კვლავ სოციალურად წელში გამართვა. 8–მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე ქვეყნის ხელისუფლებისთვის, მონდომების შემთხვევაში, ამ ათეულ ათასობით ოჯახის გადარჩენა შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ამიტომ ეს იქნება “ქართული ოცნების” გამოცდა, რომლითაც გამოჩნდება სოციალურად გაჭირვებული საკუთარი მოსახლეობის მიმართ მისი დამოკიდებულება ჰუმანურია, თუ სხვა შეფასებას იმსახურებს.