19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე შესაძლოა ოჯახებს შორის დაპირისპირება გამწვავდეს. შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე აცხადებს, რომ მას გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ემუქრება. ხომსაურიძე ამტკიცებს, რომ მას ნიკოლაძის ბრძანებით თავს დაესხნენ და სცემეს. თავად ნიკოლაძე „რეზონანსთან“ საუბარში ამ ბრალდებას ზღაპარს უწოდებს და აცხადებს, რომ ოჯახებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე რეალურია.
თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებს დაზიანებული ხელი და სახე აჩვენა. არასრუწლოვანის მამა ამტკიცებს, რომ მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ ამას ნიკოლაძის დავალებით აკეთებდნენ. ის ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. ხომსაურიძე აცხადებს, რომ ნიკოლაძის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.
თავის მხრივ კი აღნიშნულ ბრალდებებს „რეზონანსთან“ მირიან ნიკოლაძე უარყოფს და ამბობს, რომ ხომსაურიძე ამ ყველაფერს მიზანიმიართულად გეგმავს. ის ადასტურებს, რომ დაპირისპირების საფრთხე ორ მხარეს შორის ნამდვილად არსებობს, თუმცა უჭირს იმის თქმა, ეს ყველაფერი როგორ დასრულდება.
ზ. ხ.-ს მამა კი სამშაბათს თვის დაწვა სცადა, თუმცა მას ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. არასრუწლოვანი ბრალდებულის მამა, აცხადებს, რომ მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. ის საქმის პროკურორთან ნიკოლოზ სანიკიძესთან ითხოვს შეხვედრას.
ზ.ხ-ს მამა აცხადებს, რომ მის ვერსიას, რომ გიორგი შაქარაშვილი შესაძლოა მისივე მეგობრებს ეცემათ, არავინ განიხილავს.
იგი სამშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მივიდა და ბენზინი გადაისხა, თუმცა სამართალდამცველებმა მას სანთებელა წაართვეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა.
ზ.ხ.-მამა თავის დაწვით იმუქრებოდა ორშაბათსაც, მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. თუმცა, მას განზრახვის სისრულეში მოყვანა გადააფიქრებინეს.
„ჯერ მირიანს შევუშვებ ციხეში, შემდეგ ამირხანაშვილს, შემდეგ კი ფოტოგრაფ ბრეგვაძეს და ბოლოს მე შევალ“, - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.
იგი ამბობს, რომ დაჯგუფება „თეთრი ისარის“ სიტყვებს ახმოვანებს და თავად არ იმუქრება, პირიქით, აფრთხილებს მათ.
„მე არავის არ მოვკლავ, იმიტომ, რომ ხალხი არის, რომელიც ამას გააკეთებს - „თეთრი ისარი“. მოკლავენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ამირხანაშვილზე ვთხოვე, რომ პატარა ბიჭია და თავი დაანებეთ-მეთქი და მითხრეს - ეგ შენი გადასაწყვეტი არ არისო.
„მე რომ უცხოეთში ვიქნები, ამირხანაშვილს და იმას რაც მოუვათ, მე ხომ ვეღარ დამბრალდება... ვურჩევ ამირხანაშვილს და ფოტოგრაფს - ან სიმართლე თქვან, ან კიდევ ინვალიდის ეტლები იყიდონ. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ხანდახან უფეხებოდ რჩებიან,“ - განაცხადა ხომასურიძემ.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ზ.ხ-ს მამის ბრალდება, რომ ნიკოლაძემ მისი ცემა ვინმეს დაუკვეთა და ასევე მისი ბოლოდროინდელი ქცევა ორი მიზეზით შესაძლოა იყოს განპირობებული. ერთი, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და მეორე - შესაძლოა ამით საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს, რომ მისი შვილი მკვლელი არ არის.
„გამოდის და მისი მუქარებიდან ყველა კარგად ვხედავთ, რომ აგრესია და მკვლელობა მათი საქმეა. არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ აკეთებს. ფაქტი ერთია, რომ რაღაც განზრახვა აქვს. თავისი საქმის თვითონ იცის, რასაც მოიგებს არავის გაუნაწილოს. მაგის მუქარების არავის ეშინია. აბსურდია კიდევ, რომ მაგის საცემრად ვინმე გავგზავნე, ზღაპრებს იგონებს და თავადვე იჯერებს. ან ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ან კიდევ ამას მიზანიმართულად აკეთებს, რათა საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მართლები არიან.
„ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად გვიჯდება მთელს ოჯახს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ჩვენს გარშემო დავარწმუნოთ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა არ უნდა გავიდეს. დამიჯერეთ, რომ ადამიანებს ვაჩერებთ, გადაფარებულები ვართ, რომ ვინმეს ნერვებმა არ უმტყუნოს და რამე სასწაული არ მოხდეს, მაგათ საბოლოო ჯამში მართლა რამე არ დამართონ. ახლა ეს ხალხი თუ ამას ვერ ხედავს, მგონია, რომ მართლა ფსიქიკური პრობლემები აქვთ.
„პირიქით, ბრალს აქეთ - ოჯახს სდებენ. ჩემს თავს აღარ ვჩივი. მოკლული ბავშვის, მშობლებს, დას ღია შეურაცხყოფებს აყენებენ. აქეთ შეტევაზე არიან, როგორც მკვლელებს სჩვევიათ, ჩვეულებრივი სტანდარტული ვითარებაა“, - ამბობს ნიკოლაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, მან არ იცის ამ ხალხსი შეჩერებას როდემდე შეძლებენ, რომლებიც ბრალდებულების ახლობლების მუქარებს ასე მძიმედ განიცდიან. მიუხედავდ ოჯახის უმძიმესი მდგომარეობისა, ნიკოლაძე ამბობს, რომ კიდევ ისინი ცდილობენ ეს დაპირისპირება ანარქიაში და ანგარიშსწორებაში არ გადაიზარდოს. ადვოკატი აცხადებს, რომ მან არ იცის ამ ყველაფრის საბოლოო დასასრული რა შეიძლება იყოს.
„ციხეში გაკეთებულმა ჩანაწერებმა ერთხელ კიდევ აჩვენა, რომ ეს მათივე ხელით გამოტანილი განაჩენია. რასაც აქმადე უმტკიცებდნენ, რომ ვითომ მართლები იყვნენ, თავისი მუქარებით და საუბრით საკანში ნათლად გამოჩნდა, რომ მართლები ჩვენ ვართ. ღია ტექსტებით საუბრობენ როგორ აშველებდნენ, ბავშვი ხელდან ვერ გააგდებინეს და ა.შ. ერთ-ერთი დაკავებული ნიკა რევაზიშვილი პირდაპირ როგორ იმუქრება თანამესაკნის ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებით.
„კაცი რომ ბავშვზე და ქალზე იმუქრება, აბა, მისგან რამე კიდევ გასაკვირია? ვინ დამაჯერებს, რომ ის ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობაზე ხელს არ აწევდა. შესაბამისად, ამ ხალხის სრული ლუსტრაცია მოხდა და რაც არ უნდა ისაუბრონ და გააკეთონ, არავინ არაფერს აღარ დაუჯერებს“,-ამბობს ნიკოლაძე „რეზონანსთან“.
„რეზონანსი“ ზ.ხ-ს ადვოკატს გიორგი გელხაურს დაუკავშირდა იმის გასაგებად, საბოლოოდ შეიტანა თუ არა თამაზ ხომასურიძემ მირიან ნიკოლაძის წინააღმდეგ საჩივარი და რა მტკიცებულებები აქვს არასრუწლოვანის მამას, რომ მასზე თავდასხმის უკან ნიკოლაძე დგას. ადვოკატმა ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად თამაზ ხომასურიძესთან გადაგვამისამართა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.
იმასაც ვერ ხვდებიან, თუ რა ზიზღს იწვევენ საზოგადოებაში!
იმასაც ვერ ხვდებიან, თუ რა ზიზღს იწვევენ საზოგადოებაში!