საფრანგეთის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარში ალექსეი ნავალნის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია განიხილეს და ოფიციალურ მოსკოვს განმარტების გაკეთება მოსთხოვეს.
„პრემიერ-მინისტრი ჯონსონი და პრეზიდენტი მაკრონი შეშფოთებას გამოთქვამენ ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის გამო და კვლავ მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, სასწრაფოდ განმარტოს, თუ როგორ მოწამლეს ოპოზიციის ლიდერი „ნოვიჩოკით“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრისას მხარეები აღნიშნულ თემას შეეხნენ.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.