საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში” დეპუტატების ბიზნესინტერესების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტარ კობა ბექაურის ქონებრივი დეკლარაციის აუდიტს მოითხოვს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ფრიდონ რუხაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, კომისიას უჩნდება კითხვა, ხომ არ არის ბექაურის მიერ დეკლარაციაში მითითებული ქონება დაუსაბუთებელი?
სხდომაზე კომისიის წევრმა, “მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა სამშენებლო ფირმების მიერ კობა ბექაურსა და სხვა მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შედარებითი ანალიზის ჩატარება მოითხოვა.
ცაგარეიშვილის განცხადებით, კომისია უნდა დაინტერესდეს, ბექაურის მიერ მშენებარე ბინების შესყიდვის დროს ხომ არ ჰქონდა ადგილი სამშენებლო ფირმების მიერ თანამდებობის პირისთვის შეღავათების დაწესებას.
გარდა ამისა, “მემარჯვენეების” წარმომადგენელი მოითხოვს, გაირკვეს, რა სახსრებით შეიძინა კობა ბექაურმა რამდენიმე ძვირად ღირებული ავტომანქანა.