უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ბელარუსში ოპოზიციონერთა გატაცება და თვითნებური დაპატიმრება მიუღებელია.
„ბელარუსში თვითნებური დაკავებები და პოლიტიკური ნიშნით გატაცებები, მათ შორის, დღეს დილით ხისტი ქმედება ანდრეი ეგოროვის, ირინა სუხიისა და მარია კოლესნიკოვას წინააღმდეგ მიუღებელია. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მოქალაქეების დაშინება, ასევე საკუთარი კანონებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა“, - დაწერა ჟოზეპ ბორელმა Twitter-ზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ოპოზიციის პრეზიდიუმის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის ლიდერი მარია კოლესნიკოვა დააკავეს. პრეზიდიუმის კიდევ ერთმა წევრმა, პაველ ლატუშკომ მედიას განუცხადა, რომ კოლესნიკოვას სავარაუდო დაკავების დასტური მიიღო.