აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერებას მხარს დაუჭერს.
„რა თქმა უნდა, მე ამ ზომას მხარს დავუჭერ. მე პირველი ვიყავი, ვინც ეს თემა წამოწია. ვიდრე მე ეს თემა არ წამოვწიე, თქვენ არც კი გსმენიათ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის პროექტზე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
აღსანიშნავია, რომ დღეს გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ ანგელა მერკელი არ გამორიცხავს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რომელიც შეიძლება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის მშენებლობას შეეხოს.
1-ელ სექტემბერს გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან სანქციების მუქარის მიუხედავად, პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ განხორციელდება.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.