ევროკავშირი სერბეთსა და კოსოვოს იერუსალიმში საელჩოს გახსნისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
„ნებისმიერი დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც იერუსალიმთან დაკავშირებით ევროკავშირის საერთო პოზიციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, სერიოზულ შეშფოთებასა და წუხილს იწვევს“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
მისივე თქმით, „ვინაიდან კოსოვომ და სერბეთმა თავიანთ სტრატეგიულ პრიორიტეტად ევროკავშირში გაწევრიანება განსაზღვრეს, ევროკავშირი მოელის, რომ ორივე ქვეყანა ამ ვალდებულების შესაბამისად იმოქმედებს, რათა ევროკავშირის პოზიცია არ შეირყიოს“.
4 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სერბეთმა ვალდებულება აიღო, ისრაელში თავისი საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს, ხოლო კოსოვო ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს და საელჩოს ისრაელის დედაქალაქში, იერუსალიმში გახსნის.
2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებდა. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებდა. 14 მაისს კი იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა.