საქართველოში 1-ელ სექტემბერს კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინიფცირების შემთვევებთან შედარებითს საკმაოდ გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლოს ინფიცირების ასეთი რაოდენობა ეპიდემიის პიკის დროს - აპრილი-მაისის პერიოდში გქონდა, როდესაც ქვეყანა მკაცრი კარანტინის რეჟიმში იყო. „დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ პრინციპში ყველაფერია მოსალოდნელი უკვე", - ასე პასუხობს,ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსის" შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ახლო მომავალში ქვეყანაში საკარანტინე რეჟიმის კვლავ დაბრუნება.
მისი თქმით, მოსახლეობა შეეჩვია რეკომენდაციების დაუცველობას, რისი პრევენციისთვისაც საჭიროა ჯარიმებისა და კონტროლის აღსრულების დაცვა.
„დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ პრინციპში ყველაფერია მოსალოდნელი უკვე. მაინც სიფრთხილე გვმართებს, ადამიანები შეეჩვივნენ „მე არ დამემართება"-ს ძახილს. ქუჩაში შეგიძლიათ დააკვირდეთ ვის როგორ უკეთია პირბადე. პრაქტიკულად აღარ არის სოციალური დისტანცირება. მე მესმის, რომ დიდი ქელეხები აღარ ტარდება, მაგრამ რეალურად, პარკებში, ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, ეს უკვე აღარ არსებობს, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
„თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, მთავრობა მიიღებს ალბათ შესაბამის ზომებს. თუ ასე არ მოიქცა მთავრობა, სამედიცინო სამყარო შეიძლება ისევ ისეთ და უფრო სერიოზულ შედეგებამდე მივიდეთ.
„ამიტომ, მე მიაჩნია, რომ უნდა გამკაცრდეს ზომები, ჯერ ინდივიდუალურად უნდა ვაიძულოთ საზოგადოება წესები დაიცვას. მითხარით, ვინ დაჯარიმდა პირბადის არასწორად ტარების გამო? ადამიანი ერთხელ რომ გამოცდის საკუთარ თავზე კანონის დარღვევისგან მიღებულ შედეგს, მეორედ აღარ დაარღვევს", - თქვა ხმალაძემ.
მისი თქმით, მოცემული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ საპარლამენტო არჩევნებიც გადაიდოს, რომელიც 31ოქტომბერსაა დანიშნული.
„ყველაფრის გახსნა არ შეიძლება, სანამ ტენდენცია კლებისკენ არ წავა. მატებისკენ თუ წავიდა, ეჭვი მეპარება საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ან ჩატარდება, მაგრამ მაქსიმალური თავდაცვით და დაზღვევით.
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება ახალი პაციენტების რაოდენობაზე, რამდენად მოხდება დინამიკაში მათი რიცხვის მატება. თუ დღეს არის 10, ხვალ 20 და ზეგ 50 შემთხვევა, ასეთ ვითარებაში არჩევნები კი არა, ყველაფერი უნდა გადაიდოს", - ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან".
საქართველოში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1510-ია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1253-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.