თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ ყურადღებით აკვირდება ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს და ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებს, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს. მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ძალისხმევას საპრეზიდენტო არჩევნებში დარღვევების შემთხვევების დამოუკიდებელი შეფასების კუთხით. რუსეთმა პატივი უნდა სცეს ბელარუსის სუვერენიტეტსა და ბელარუსი ხალხის უფლებას, თავისუფალი და სამართლიანი გზით აირჩიოს თავისი ლიდერები“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.
17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“. მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.