ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო კონტაქტებს ემზარ კვიციანთან შედეგად ის მოჰყვა, რომ მოდულის შენობაში დაბარებულ “წინ საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წაუყენეს, სასამართლომ კი წინასწარ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ბათიაშვილს კონსტიტუციური ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებულთა დახმარება და დანაშაულის დაფარვა ბრალდება. შესაძლოა, ამის გამო მას საკმაოდ გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯონ.
ირაკლი ბათიაშვილის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის თქმით, ბათიაშვილმა დაკითხვისას დუმილის უფლება გამოიყენა და თავი დამნაშავედ არ ცნო.
“ჩვენ მოვითხოვეთ საქმე და მასში ის მტკიცებულებები არ აღმოჩნდა, რომლითაც ბათიაშვილის ბრალეულობა დადასტურდებოდა. ბრალდების მტკიცებულებად მოხმობილია რამდენიმე სატელეფონო საუბარი ემზარ კვიციანთან და მისი საჯარო განცხადებები საინფორმაციო საშუალებებით. უნდა ითქვას ისიც, რომ ბრალდება დაკონკრეტებული არ არის”.
პროკურატურა ირაკლი ბათიაშვილს იმას ედავება, რომ ამბოხებულებს ინტელექტუალურად დაეხმარა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით კი ინტელექტუალური დახმარება ის იქნებოდა, რომ ბათიაშვილს კვიციანისთვის ერჩია ისეთი რამ, რაც სამხედრო სტრატეგიას, შეიარაღებასა და მის გადაადგილებას, თავდაცვას ან თავდასხმას შეეხებოდა. თუმც პროკურატურის არგუმენტები სხვაგვარია: ვინაიდან ამბოხების მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო ფართო საზოგადოების მხარდაჭერა და ხელისუფლების ნების პარალიზება, ბათიაშვილმა კვიციანს აღუთქვა, რომ თავისი და პარტიების წარმომადგენლების საჯარო გამოსვლით ამბოხების შესახებ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში დაეხმარებოდა.
ბათიაშვილი კვიციანთან პირად საუბრებში დადებით შეფასებას აძლევდა ხელისუფლების საწინააღმდეგო საჯარო გამოსვლებსა და მოქმედებებს, რითაც ამბოხების გაგრძელებისკენ მოუწოდებდა. გენპროკურორის კახა კობერიძის თქმით, ბათიაშვილმა იცოდა, რომ აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გარი კუპალბამ ემზარ კვიციანს აღუთქვა შეიარაღების მიწოდება, თუმც ამის შესახებ საქართველოს შესაბამის ძალოვან სტრუქტურებს არ აცნობა.
ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი აცხადებს, რომ მის მეუღლეს თავისუფლების აღკვეთას არ დააჯერებენ; რომ ირაკლი ბათიაშვილს ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე ემუქრება:
“ამ სისხლით გაუმაძღარ ხალხს მივმართავ, შეწყვიტონ ტერორი ქვეყანაში. საქმე უკვე ირაკლის დაპატიმრებასა და იზოლაციას აღარ ეხება. ეჭვი მაქვს, რომ მისი ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე არსებობს, რადგან იციან, ირაკლის სხვანაირად ვერ გააჩერებენ”.
“კვირის პალიტრა” ირაკლი ბათიაშვილის დედას ქალბატონ ირინა კუჭუხიძესაც დაუკავშირდა: “გაოგნებული ვარ, არ ვიცი, რა ვთქვა. როგორ შეიძლება ირაკლის სამშობლოს ღალატი დააბრალო. ქვეყნის მტერი რომ არ გამიზრდია, უპირველეს ყოვლისა, ეს მე ვიცი”.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ირაკლი ბათიაშვილის დაპატიმრება პოლიტიკური რეპრესიების დაწყებად მონათლეს. ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება მხოლოდ ბათიაშვილის დაკავებას არ დასჯერდება და, შესაძლოა, კიდევ არაერთ ოპოზიციონერს წაუყენოს იგივე ბრალდება.
უკვე დაკავებულები არიან ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი (იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) და რამდენიმე ამბოხებული, რომლებიც უკვე დაიკითხნენ მოდულის შენობაში.
ქართული სახელმწიფოებრიობის მტრების გამოაშკარავება და ქვეყნის მოღალატეებთან ბრძოლა ხელისუფლების უფლება კი არა, მოვალეობაც არის, მაგრამ ამ საქმეს დიდი სიფრთხილითა და გულისყურით სჭირდება მიდგომა. ისე არ უნდა მოხდეს, რომ გადაუმოწმებელი ეჭვების ან თუნდაც ვარაუდების საფუძველზე ადამიანები მოღალატეებად გამოცხადდნენ. ისე არ მოხდეს, რომ უსამართლოდ მივაკეროთ ადამიანებს ყველაზე სამარცხვინო - ქვეყნის მოღალატის იარლიყი და პირადი ანგარიშსწორების მიზნით კუდიანებზე ნადირობაც გაჩაღდეს.
ქვეყნის მტრების ფეხქვეშ მიწა მართლაც უნდა იწვოდეს, ოღონდ ჯერ ის უნდა დადგინდეს კარგად, ვინ მტერია და ვინ - გარემოებათა მსხვერპლი.