ბერლინში, COVID19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციებზე, სხვადასხვა ადგილას სულ 300 ადამიანი დააკავეს. BBC წერს, რომ სასამართლომ აქციების ჩატარების უფლება ორგანიზატორებს მისცა იმ პირობით, რომ ისინი დაიცავდნენ დისტანციას და ატარებდნენ ნიღბებს.
თუმცა პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, რადგან არ იცავდნენ შეზღუდვებით გათვალისწინებულ ზომებს. აქციის მონაწილეები შემჭიდროვებულები იყვნენ და ერთად ისხდნენ. ბრიტენული მედიის ცნობით, 200-მდე მემარჯვენე აგიტატორმა ბრანდენბურგის კარიბჭესთან ბოთლები და ქვები ისროლა.
ბერლინის პოლიციის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტზე შტურმი სცადეს. აქცია გუშინაც გაიმართა და ბერლინის პოლიციამ ის ძალის გამოყენების გარეშე დაშალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.