წელი წელს ცვლის, საუკუნე საუკუნეს, მაგრამ თანამედროვეობაც ისევ ისე გადმოგვცემს პოლიტიკური ლიდერების, წინამძღოლების, ქვეყნის საჭეთმპყრობელთა ძლიერებისა და რჩეულთა ფარულ მისწრაფებებს, როგორც ძველი მემატიანე...
განვითარებულმა ტექნიკურმა შესაძლებლობებმა და ცივილიზაციამ ადამიანის ცნობიერებაზე ზეგავლენის მოსახდენად ეფექტიანი საშუალებები შექმნა, თორემ... კარს მიყურადება და სხვისი საუბრისთვის ყურის მიგდება ყოველთვის აპრობირებული ხერხი იყო. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავ თხზულებაში “დათა თუთაშხია” მშვენივრად ჩანს კარს მიყურადებული კუდიანი დედაბრის, ტოფანასეული “ჭეშმარიტება”: “ორი ადამიანი რომ გეიგებს და მიხვდება ყველაფერს, ერთი კაცი გეიგებს და მიხვდება ისე?!” ამგვარი ლოგიკური მჭევრმეტყველებით “კუდიანმა ნებადაურთავი მოსმენისათვის “ნაობახტში” ჩაჯდომისგან დაიძვრინა თავი!..
არ მითხრათ ახლა, - სად ის კუდიანი და სად ერეკლეო?! პირში სოდიანი წყალი გამოივლეთ, ვიდრე “სოდის” ან “კუდის” ხსენებას დაიწყებდეთ, თორემ კუდიანებზე ნადირობა და კუდით ქვის სროლა მერე მოიკითხეთო...
მართალია, ვანო მერაბიშვილს ენა არ უჭრის, მაგრამ ყურსა და თვალს ნამდვილად არ უჩივის, ყველაფერს კარგად ხედავს და ისმენს, თანაც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც. აბა, ამას ვინ წარმოიდგენდა, რომ გაპოლიტიკოსებულ-გაოპოზიციონერებული ოლიგარქი “სოდის” შეფთან ასეთ ალალ ჟღურტულს დაიწყებდა, რუსეთში ბექგრაუნდებით სახელგანთქმული ბიზნესმენი, რომელსაც ფე-ეს-ბემაც კი ვერაფერი დააკლო, “ვანოს ხაფანგში” გაებმებოდა. ასეთი ხაფანგები ხომ პატარა წრუწუნებისთვის არის განკუთვნილი, სადაც როგორც წესი, მილიარდების პატრონები ფეხსაც არ ჰყოფენ. ვანოს “შიგნით შეყვანას”(!) და მერე დაძინებას უპირებდნენ, მაგრამ ვანო ყველაფერს “ხედავდა” და ყველაფერი ესმოდა...
ნუთუ პოლიტიკურ სივრცეში შიმონ პერესთან და ჯორჯ ბუშთან ერთად “მობანავე” ოლიგარქი ვანოს “მიმყურადებელმა” კოდუამ მიწასთან გაასწორა?! ნუთუ სვლების კეთებასა და წინასწარ გათვლებში დაოსტატებული ბიზნესმენი ისე გაცუცურაკდა, რომ ცხვირწინ დასკუპება და დაცინვა გაუბედეს?!
მაღალტექნოლოგიურ დონეზე შესრულებული ჩანაწერი რომ არა, ამ ყველაფერს სასწაულებრივი ეფექტი ნამდვილად არ ექნებოდა; კოდუასთან მისი ასეთი წინდაუხედავი და დაუფიქრებელი ლაპარაკის წარმოდგენაც კი ძალიან გაჭირდებოდა.
რა თქმა უნდა, ადვილია ლაპარაკი მაშინ, როცა უკვე ბრძოლის შედეგებს ხედავ. ოლიგარქმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მისი აზრით, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი უმწიკვლო რეპუტაციის უნდა იყოს. ალბათ, პატარკაციშვილს ამით სურს გვითხრას - პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც უცოდველიაო.
ისე კი, რევოლუციის მოხდენასაც “შნო” სჭირდება. “პატარკაციშვილი ის კაცი არ არის, რომელსაც ჩემთვის რევოლუციის მოწყობა შეუძლია” - თქვა სააკაშვილმა და ამით პატარკაციშვილის გამოწვევა მიიღო. რა თქმა უნდა, მსგავსი რევოლუციური გამოწვევები ჩვენს ქვეყანას აღარ სჭირდება და იგი საფრთხის შემცველია, მაგრამ ეტყობა, მიხეილ სააკაშვილს ვანო მერაბიშვილის იმედი აქვს.
ამ თვალსაზრისით, შს მინისტრმა მიშაც და ბადრიც, ორივე ჯიბეში ჩაისვა, ერთი თავის თავზე დამოკიდებული გახადა, მეორე გაანეიტრალა. მართალია, “კვირის პალიტრის” ვარაუდი ახდა და მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ მისი ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში მთავრობიდან საკუთარ მეგობრებსაც გაუშვებს და ხელშეუხებელი არავინ იქნება, მაგრამ ამის დაჯერება ახლა განსაკუთრებით ძნელია.
მერაბიშვილმა თავისი მოქმედებებით ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო და მისი სურვილის გარეშე თვით მიხეილ სააკაშვილსაც რაიმე ცვლილების მოხდენა ძალიან გაუჭირდება. გავხდებით თუ არა კიდევ დაჭერების გაგრძელების მომსწრენი, რეალურად ესეც მომავლის გადასაწყვეტია... აქაც მარტივი ჭეშმარიტება არსებობს: “პოლიტიკა ისეთი რამეა, უბრალოზე არ უნდა ჩაჯდე კაცი, შენ თუ ჩაჯექი და კატორღაში ბორკილი ათროკიალე, იდეისთვის ობივატელი იბრძოლებს თუ?” (თუმცა, არ არის გამორიცხული, 4 იანვრამდე მოვლენები სხვაგვარადაც განვითარდეს. ცესკოში პატარკაციშვილის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებას, აწ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგა ჟვანია სწორედ 4 იანვარს შეიტანს. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ოლიგარქის ძალისხმევით 5 იანვრამდე რომელიმე უცხოური მედიასაშუალების მიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ ახალი სკანდალური დეტალებიც შევიტყოთ).
...და კიდევ, კალიგულას ჰქონდა ასეთი საძაგელი ნატვრა, - ნეტავ, რომაელ ხალხს ერთი ტვინი ჰქონდესო. მასაც რომ საუბრების ფარული ჩანაწერების გაკეთებისა თუ ტელესივრცეზე კონტროლის საშუალება ჰქონოდა, ალბათ ამ ნატვრასაც აიხდენდა. შესაძლოა ზოგს აინტერესებდეს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის მეშვეობით განახორციელა ერეკლე კოდუამ პატარკაციშვილთან საუბრის ფარული ჩაწერა, დაცვის მხრიდან შესაბამისი შემოწმების გავლის შემდეგ “ღილები” გამოიყენა ჩაწერის განსახორციელებლად თუ ქამარი... ეს რა თქმა უნდა, უკვე მეორეხარისხოვანია. მთავარი ის არის, რომ გასული კვირის ამ სკანდალური ფაქტის შემდეგ, არა მხოლოდ კრიმინალებსა და დამნაშავეებს, რიგით ადამიანებსაც კი ენაზე კბილის დაჭერისა და სიფრთხილის სურვილი გაუჩნდა. ამის მიზეზი ერთი მხრივ "“ბუნჩულა ბაბუა” - პატარკაციშვილის მიმართ განხიბვლა და იმედგაცრუება გახდა, მეორე მხრივ - ხელისუფლების მხრიდან დანერგილი შიშIი, რომ ყველას და ყველაფერს უსმენენ. “ადამიანი სანამდე მარტოა და არავის არ ენდობა, იქამდე ვარგა სხვისთვისაც და თავისთვისაც. პირის შეკვრას რომ ისწავლიან, მერე კაი აღარაფერი გამოვა მათი ხელიდან, მერეა, ყველაფერ უბედურ საქმეს რომ ბედავს კაცი...” - ასეთია ხალხზე მზრუნველის, მათი ბედნიერების რეცეპტის მცოდნისა და იმედის მკეთებლის არქიფო სეთურის “სიბრძნე”.
ასე რომ, ამოვხსნათ, გვჭირდება თუ არა ასეთი არქიფოები, მით უმეტეს, რომ უკვე პაროლი - ბადრისა და კოდუას სახელების ასოების თანმიმდევრობით ერთმანეთში ჩალაგებით (რატომღაც ასეთი “რთული” პაროლი შეიმუშავეს) კარგად ამოვხსენით. ამას “ბ.კ.ა.ო.დ.დ.რ.უ.ი.ა” ჰქვია. კარგი იქნება, თუ ნაახალწლევს მსგავსი ამოცანების ამოხსნითა და პაროლების გაშიფვრით გონებას აღარ დავიტვირთავთ. გვეყოფა ბკაოდდრუია და ამდენ ლაფს ნუღარავინ გვესვრის!
გვინდა ახლად არჩეულ პრეზიდენტს ვუთხრათ: ვიცხოვროთ სუფთა გონებითა და ხელებით, ავი ზრახვების, ბინძური ხერხებისა და ხაფანგების გარეშე... მით უმეტეს, რომ “ვირთხის წელიწადში” ხაფანგები ძალზე სახიფათოა...