შვეიცარიაში „ქართული მაფიის“ წევრთა სასამართლო დანიშნეს

შვეიცარიაში „ქართული მაფიის“ წევრთა სასამართლო დანიშნეს

ჟენევის სასამართლო ერთობ საინტერესო პროცესის მოლოდინშია. შვეიცარული პოლიციის მიერ "ქართულ მაფიად" მონათლული დაჯგუფებების წევრების სასამართლო განხილვა მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს დაიწყება. შსს-ში ამ საქმის შესახებ არაფერი იციან, ყოველშემთხვევაში ასე განაცხადეს "რეზონანსთან" საუბარში ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა და პრესსამსახურს უფროსმა ზურა გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარულმა პრესამ "ქართულ მაფიას" არაერთი ვრცელი სტატია მიუძღვნა. ქართველებით დაკომპლექტებული დამნაშავეთა ჯგუფი ბინებისა და აგარაკების ძარცვაშია ეჭვმიტანილი. დაჯგუფებაში ასევე შედიან რუსები და ჩეჩნებიც.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულების ასაკი 21-დან 62 წლამდე შეადგენს. დაჯგუფის ლიდერი ვინმე კ-ია, რომელიც "ობშიაკის" თანხებს განაგებდა. დაკავებულია დაჯგუფების რამდენიმე ათეული წევრი, რომლებსაც ქურდობასა და თანხის გამოძალვაში ედებათ ბრალი. მათ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რუსულენოვანი შვეიცარული ინტერნეტ-გამოცემა "ნაშა გაზეტას" ცნობით, 2009 წელს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ადგილობრივი სამართალდამცავები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებდა.

სტატისტიკის მიხედვით, 2008-2009 წლებში შვეიცარიაში 9%-ით გაიზარდა ქურდობისა და ძარცვის ფაქტები. ამასთან, 2009-ში ქურდობის 7932 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დღეში საგშუალოდ 22 ქურდობას ნიშნავს.

ამ შემთხვევათა ნახევარი ბინების ქურდობას უკავშირდება, ხოლო 18% კერძო სახლებისას. გაცილებით ნაკლებია მაღაზიებისა და ოფისების გაქურდვების ფაქტები. ამავე პერიოდში დანაშაულის გახსნის მხოლოდ 3% დაფიქსირდა.

2009 წელს პოლიციამ 185 ქართული წარმომავლობის პირები დააკავა, მათ ქურდობის ბრალდება წაუყენეს. "ნაშა გაზეტას" ცნობით, ეს ციფრი ბევრად აღემატება ადგილობრივი აქტიური დამნაშავეების რაოდენობას.

2009 წლის მაისში შვეიცარულმა პოლიციამ ოპერაცია, სახელწოდებით "ლიფტი" ჩაატარა, რომლის დროს 45 ადამიანი (ძირითადად ქართველები, აგრეთვე, რუსები და ჩეჩნები) დააკავეს. მათგან 24 გაუშვეს, ხოლო 21 დააპატიმრეს.

ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იყო შვეიცარიის პოლიციის ისტორიაში. ამ კრიმინალურ დაჯგუფებას შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა საგანგებო კვლევაც კი მიუძღვნეს, სახელწოდებით "განძი" და პოლიციის საგანგებო ბრიგადაც შექმნეს.

ადგილობრივი სპეციალისტები ევროპაში ქართველი დამნაშავეების ასეთ "აფეთქებას" იმით ხსნიან, რომ 2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა "ქურდებს", რომლებსაც დაკავების შემთხვევაში 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. მათაც, საზღვარგარეთ "მუშაობა" გადაწყვიტეს.

შვეიცარული მედიის ცნობით, "ქართული მაფიის" წვერები ძირითადად ბინებსა და კერძო სახლებს ძარცვავდნენ. ნაძარცვ ნივთებს - კომპიუტერები, საათები, და ძვირფასეულობა - თვეში 4-5 ჯერ ფოსტით ან მანქანით ბელგიაში აგზავნიდნენ. ბინების გატეხვა ტრადიციული მეთოდით ხდებოდა - კლიტეს ან სახრახნისით ხსნიდნენ ან უბრალოდ ამტვრევდნენ.

დაჯგუფების მეთაური 23 წლის ვინმე კ-ია. რომელიც ჟენევის ერთ-ერთ პრესტიჟულ კვარტალში ცხოვრობდა. მისი როლი შემდეგში მდგომარეობდა: ნაძარცვი თანხების შეგროვება; ე.წ. "ობშიაკის" თანხებს შემდეგ იგი უკვე ციხეში მოთავსებულ თანამზრახველებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს უნაწილებდა. მათ ასევე ამარაგებდა სიგარეტებით, ნარკოტიკებით და მობილური კავშირით უზრუნველყოფდა.

ჯგუფის შეკრებები ყოველი თვის 25 რიცხვში იმართებოდა, სადაც დამნაშავეები თავიანთ ფუნქციებს ინაწილებდნენ შემდგომი "სამუშაოსთვის"; თავის მხრივ, კ. რეგულარულად აბარებდა ანგარიშს ესპანეთში მყოფ "უფროსობას".

თითოეულ ბრალდებულს ჟენევის სამართალდამცავი სისტემა ადვოკატს გამოუყოფს. ერთ-ერთი მათგანი, ფრანსუა კანონიკა ჟურნალისტებთან საუბარში ქართველი დამნაშავეეების საქმეზე ამბობს, რომ ეს არის "იურიდიული ცირკი, დაფუძნებული შვეიცარული პოლიციის რაპორტებზე, რომლებიც რუსულ ლიტერატურას უფრო ჰგავს. პირდაპირ ტოლსტოია და არა იურისპრუდენცია".

"რეზონანსი" დაინტერესდა, საქმის კურსშია თუ არა შსს, თუმცა, ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია. იგივე განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა ზურა გვენეტაძემ და საქმის გარკვევას დაგვპირდა, თუმცა, მოგვიანებით მან "რეზონანსის" სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ინფორმაციის მიღება იურისტებისგანაც ვცადეთ, მაგარმ ჟენევური საქმის შესახებ არც მათ იციან.