მრავალჟამიერ, თქვენი სიცოცხლე!

მრავალჟამიერ, თქვენი სიცოცხლე!

მზიანი ღამე”, - ასე შეაფასა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-თავისი განვლილი ცხოვრება. იყო ბევრი სირთულე, მაგრამ მზეც ანათებდაო...

ჩვენ - ქართველ ხალხს, მზის სხივების სითბო არაერთხელ გვიგრძნია უწმიდესისა და უნეტარესის გამოჩენასთან ერთად, გვინდა ეს სითბო ყველამ იგრძნოს და მისი ლოცვა-კურთხევით გადაიტანოს ბევრი სუსხიანი ღამე.

2007 წლის 25 დეკემბერს უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-აღსაყდრებიდან 30 წელი უსრულდება, 2008 წლის 4 იანვარს კი - დაბადებიდან 75 წელი. “კვირის პალიტრა” ულოცავს მის უწმიდესობას და მზეგრძელობას უსურვებს ერის საიმედოდ.

უფლის წყალობით, საქართველოს ჰყავს სულიერი მამა, რომლის განსაკუთრებულ ღვაწლს დიდად აფასებენ მსოფლიოში. ამას მოწმობს მსოფლიო საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის საპატრიარქოების, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებლური ქვეყნის ჯილდოები. ნიუ-იორკის და კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ მას ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. უწმიდესი და უნეტარესი არჩეულია ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, მინიჭებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტების საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდებები.

1933 წლის 4 იანვარს ჩრდილო კავკასიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წარმომადგენელს გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილს მეშვიდე შვილი შეეძინა - ირაკლი დაარქვეს. იმავე წელს გიორგის ძმასაც ეყოლა ვაჟი - რაფიელი. მაშინ ერთი უცნაური ამბავი მოხდა შიოლაშვილების ოჯახში: ოთახში თეთრი მტრედი შემოფრინდა და მშობიარის სარეცელთან დაჯდა. იმავე დღეს გიორგი შიოლაშვილმა თავისი მშენებარე სახლის საძირკველში ბარათი ჩაატანა, რომელშიც ეწერა, მომავალში საქართველოს ეკლესიას ირაკლი ან რაფიელი უწინამძღვრებსო.

ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართული ეკლესია XX საუკუნის 30-იან წლებშიც კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა.

ქრისტეშობის დღეს სწორედ ამ ეკლესიაში მონათლეს სამი დღის ჩვილი და მეფე ერეკლეს პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. საქართველოს მომავალი სულიერი მამა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასიმ მონათლა (შემდეგში - წილკნის ეპისკოპოსი).

სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ დალოცა.

გიორგი შიოლაშვილის შვილები ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. “ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა. ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა. მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმინდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა” (უწმიდესის მოგონებიდან).

ბავშვობისეული და წინაპრებისეული ადგილები განსაკუთრებით უყვარს მის უწმიდესობას, დიდი სიყვარულით ჩადის ყაზბეგის რაიონში. თუმცა... ილია II-ს განსაკუთრებული თვისება აქვს - ვისაც სტუმრობს, ყველას ჰგონია, რომ უდიდეს სითბოსა და სიყვარულს სწორედ მისი რაიონის, ქალაქის, სოფლის მიმართ ავლენს უნეტარესი.

ირაკლი შიოლაშვილმა 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც I ხარისხის დიპლომით დაამთავრა და სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა.

კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში სასულიერო აკადემიის II კურსის 24 წლის წარჩინებული სტუდენტი ილიას სახელით ბერად აღკვეცეს. “ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმინდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს”. მღვდელ-მონაზონმა ილიამ სტუდენტობაშივე დაწერა შრომა “ათონის ივერიის მონასტრის ისტორია”, რისთვისაც ღვთისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია I ხარისხის დიპლომით. მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ლექციების წაკითხვა სთხოვეს. უარი თქვა... სამშობლოსკენ მოუწევდა გული - მთავარი საქმე აქ უნდა აღესრულებინა.

1963 წელს არქიმანდრიტ ილიას ხელი დაასხეს ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად, შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს, სადაც 11 წელი დაყო.

მისი ძალისხმევით აღდგა მცხეთის სასულიერო სემინარია - იყო მისი პირველი რექტორი. ქართული ეკლესიისთვის მღვდელმსახურების აღზრდა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე გახლდათ.

1977 წელს 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე ახალი კათოლიკოს-პატრიარქი იქნა აღყვანილი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

მაშინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო. დღეს მათი რიცხვი 800-ს გასცდა.

1977 წელს 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-ზე მეტია. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. აღდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია.

უწმიდესი და უნეტარესი ორ, ერთმანეთისგან თითქოს განსხვავებულ თვისებას ფლობს - სიბრძნეს და ბავშვურობას. ყველა ცნობილ მამას ახასიათებდა ბავშვურობა. სახარებაშიც წერია: “ვინც არ იქნება ბავშვივით, ის ვერ შევა ცათა სასუფეველში”. ეს სწორედ ის თვისებაა, რომელიც ხშირად უადვილებთ ღმერთთან სიახლოვეს და გახსნილი გულით იღებენ ყველაფერს, რაც სახარებაში წერია” (ზურაბ ცხოვრებაძე). ეს თვისებები მის ქადაგებაშიც იგრძნობა, მის დაწერილ ხატებშიც, მის საგალობლებშიც. იგრძნობა მაშინაც, როცა უკრავს ან მუსიკას უსმენს. მისეული მუსიკის აღქმა და განცდა გამოცდილ მუსიკოსებსაც კი აღაფრთოვანებს.

დავკვირვებივარ: ტაძარში ყველაზე მეტი მლოცველი სწორედ “წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ”-ს გალობს ხმამაღლა. ასეთი ახლობელია საგალობელი, რომლის ჰიმნოგრაფი უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გახლავთ.

“ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო, როცა გავიგე, ფესტივალზე გვიწვევდნენ. გამიჩნდა დიდი სურვილი, უწმიდესისა და უნეტარესის საგალობლებზე შექმნილი საგუნდო ნაწარმოებები წარგვედგინა ლატვიაში. მანამდე ვიცნობდი მხოლოდ იმ საგალობელს, რომელიც ყველა ტაძარში სრულდება: “წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ”... ეს საგალობელი მაშინ შეიქმნა, როცა უწმიდესი იღუმენი იყო ბათუმში. მეორე საგალობელი უწმიდესს მღვდელ თეოდორე ჩიხრაძის მანქანით მგზავრობისას დაუწერია. მესამე - 2003 წლის 13 თებერვალს... განსაკუთრებულად განვიცდიდი მეოთხე საგალობელს “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო”, რომელიც სამოქალაქო ომის პერიოდში შეიქმნა... როცა ნაწარმოებზე მუშაობა დავასრულე და უწმიდესს მოვასმენინე, მომიწონა, დამლოცა და მომცა კურთხევა ფესტივალზე მის შესასრულებლად. ამაზე დიდი სიხარული არასოდეს განმიცდია. არასოდეს მყოლია და არასოდეს მეყოლება იმაზე დიდი მსმენელი, ვიდრე უწმიდესი და უნეტარესია. ლატვიაში გაოცებული დარჩნენ, - ეს თქვენმა სულიერმა მამამ შექმნაო? ყველა აღაფრთოვანა ამ საგალობლებმა. როცა პირველი ნაწარმოების შესრულება დავამთავრეთ, პატრიარქის ნაბოძები სანთლები დავანთე და გამოვაცხადე, - ჩემთვის, როგორც შემსრულებლისა და დირიჟორისთვის დიდი პატივია ისეთი ელიტარული საზოგადოების წინაშე, როგორიც თქვენ ბრძანდებით, წარვადგინო ქართული საგუნდო მუსიკის შედევრები. შემდეგი ნაწარმოები ეკუთვნის ქართველი ერის სულიერ მამას ილია II-ს, რომელმაც დალოცა ფესტივალი და მომცა კურთხევა, სანთელი დამენთო-მეთქი. დარბაზი მდუმარედ იდგა ფეხზე. ეს ევროვიზიით გადაიცემოდა 15 ქვეყანაში, 19 ქვეყანაში - რადიოთი. ბედნიერი ვიყავი, როცა შევნიშნე ცრემლი ლატვიელების თვალებში”, - ამბობს დირიჟორი გელა ფარჩუკიძე.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახლში, მცხეთაში, ახლა მამათა მონასტერია, მაგრამ ოთახებში სათუთად ინახება ძველი ნივთები, მისეული სამუშაო მაგიდა, წიგნები... მისი დახატული ტილო - მცხეთის ჯვრის მონასტერი. ფიროსმანისეული უშუალობა და გულწრფელობა იგრძნობა სიყმაწვილეში შესრულებულ ნახატში. არაჩვეულებრივი სულიერებითაა შექმნილი პატრიარქის მშობლების პორტრეტები. შეიძლება დაუსრულებლად უყურო და შენში უდიდესი ადამიანური სითბო შემოვიდეს... ის სითბო, რომელიც ერთ ძველ ფოტოზეც აღბეჭდილა. როგორი მოკრძალებული სიყვარულით დგას ჯერ კიდევ ყმაწვილი ირაკლი დედასთან...

ულევი ნიჭი აქვს პატრიარქს, რომელიც ყველა მის ნახატში იჩენს თავს. ეს სიწრფელე და დიდი მადლი უკვე უწმიდესისა და უნეტარესის დაწერილ ხატებშია განხორციელებული.

უსიტყვოდ ესმის ჩვენს სულიერ მამას ქართველი მწერლებისა, ისინიც ყოველთვის გრძნობდნენ პატრიარქის თანადგომას და მის სულიერ შვილობას.

აწ გარდაცვლილი მწერალი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი: “უწმიდესზე რაიმის თქმა თან ძნელია, თანაც - ადვილი. ძნელია იმიტომ, რომ უდიდესია მისი როლი ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში. მან დანგრეული, გაპარტახებული ეკლესია ჩაიბარა, ჩაფერფლილ სულიერ ღადარს სული უბერა და კოცონი ააგიზგიზა.

ჩვენი ისტორიის მანძილზე, როცა გვიჭირდა, ღმერთი მაინც მოგვივლენდა ხოლმე დიდ ადამიანს. ეს დიდი ადამიანები გულთაბოძებად შეუდგებოდნენ ხოლმე ქართველ ერს და მთელ სიმძიმეს თვითონ იტვირთავდნენ. სწორედ ასეთი გულთაბოძია უწმიდესი XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე. მისი სახით ჩვენ ღვთის მადლი მოგვევლინა. მისი სიდიადე მერე, შორიდან უფრო გამოჩნდება. მასზე საუბარი ადვილი კი იმიტომ არის, რომ ბუნებით ყველას მიმართ საოცრად თბილი და ახლობელია. პირადად მე ბევრჯერ შემომშველებია ამ წუთისოფელში. ჩემთვის მფარველი ანგელოზივითაა - დედაც არის, მამაც, დაც, ძმაც, ნათესავიც და ახლობელიც.

გული მწყდება, რომ ავადმყოფობის გამო უწმიდესს ვეღარ ვნახულობ. მენატრება მისი მშვიდი, ტკბილი, მშობლიური სიყვარულით სავსე ხმა.

ღმერთო, კიდევ დიდხანს, დიდხანს ისმოდეს ქართველების გასახარად ეს ხმა. ამინ!”

მწერალი გურამ დოჩანაშვილი: “დიდი პატივი დასდო ჩემს ოჯახს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. 1990 წლის ოქტომბერში შვილი გარდაგვეცვალა. ჩვენთვის ძალიან მძიმე დროს მიგვიღო, გვანუგეშა, გაგვამხნევა.

თქვენო უწმიდესობავ, უღრმესი მოწიწებით მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ განუზომელი მადლისთვის, შვილმკვდარ მშობლებს ნუგეშით რომ დაგვდეთ. ნუგეში, საბას მიხედვით, გულის დასადებს ნიშნავს, ხოლო თქვენი ვრცელი გულის დადებით რამდენი მშობელი აგვაცდინეთ იმ საშინელებას, სისაზარლეს, თვითმკვლელობა რომაა.

ერთხელაც მე, უღირსს, მერამდენე შვებად ერთი, ასე ვთქვათ, ქათინაური მიბოძეთ: თავფარავანზე, წმინდა ნინოს ბევრდღიან გზის დადგომამდე, ერთი დღით თქვენ ჩამობრძანდით და, რა ვიცოდი მე უღირსმა, თქვენთან ახალი შეხვედრით დაჯილდოება თუ მებოძებოდა, და თუმც არცთუ ფხიზელი ვიყავ, მაგრამ იმდენი მორიდება კი მქონდა, რომ მეუფე დანიელის (მაშინ მამა დავითის) იმედით - “არა უშავს, ეახლეთ, მიდითო”, ჯერ კი ვუარობდი, ასეთი როგორ ვეახლო-მეთქი, მაგრამ ძალიან მჯერა ჩემი მოძღვრისა და მან ისე გამამხნევა, რომ გავბედე და მოგიახლოვდით. თქვენ კი, თქვენო უწმიდესობავ, მანამდე თუმც მხოლოდ ერთხელ გყავდით ნანახი და ისიც რამდენიმე თვის წინ, მაინც მიცანით და როგორ მომეფერეთ. რამდენჯერ გამიმეორეთ - ესეც გახსოვდათ, ეს სახელი - ირაკლის მამა, ირაკლის მამა, - ამ სიტყვებით მეფერებოდით ორმაგად უღირსს, და ადრე თუ ძალიან მერიდებოდა, ირაკლიზე, ჩემს შვილს რომ ამბობდნენ, ჩემი შვილობით რომ აფასებდნენ, თქვენღა მითხარით ეს საოცნებო - “ირაკლის მამა”, რადგან ირაკლი, თქვენო უწმიდესობავ, როგორ და რამდენად უკეთესი იყო ჩემზე, მე ხომ ვიცოდი.

იმ თავფარავნის შემდეგაც აუარება სიკეთისთვისაც დიდ, უღრმეს და მოწიწებით მადლობას მოგახსენებთ გადარჩენისა და თანადგომისთვის.

უწმიდესო და უნეტარესო, გმადლობთ.”

გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრება უნდა წარმოადგენდეს სულიერ ჯვარს, რომლის ვერტიკალური ძელი ღვთისკენ სწრაფვაა, ხოლო - ჰორიზონტალური - სწრაფვა ადამიანებისკენ. ეს არის ყოველი ადამიანის ცხოვრების მიზანი” (ილია II. საკვირაო ქადაგებიდან, 2007 წ).

ცოტა მეტი მგრძნობელობა რომ გვქონდეს, გულში შემოვუშვებდით ამ სიბრძნეს და ჩვენი სულიერი მამის კურთხევას, დღეში მრავალგზის “მამაო ჩვენოს”, 50-ე და 90-ე ფსალმუნების წაკითხვაზე, ყველა, როგორც ერთი, შევასრულებდით.

ჩვენს სულიერ მწყემსს კი მაინც ვუყვარვართ, ცდომილები და სუსტები, გზააბნეულები და ჯიუტები... ის უდიდესი სიყვარულით დასტრიალებს თავს ქართველ ერს.

დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე იხსენებს:

“როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოსკოვიდან ჩამოვიდა საგანგებო დესპანი. მან პატრიარქს უთხრა, - საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მშვიდობა რომ იყოს და ურთიერთობა ნორმალურად წარიმართოს, საჭიროა სპეციალური კომიტეტის შექმნა, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ყოველივე ამასო. ეს ფაქტობრივად, ადრინდელი რელიგიურ საქმეთა კომიტეტი იყო.

დეკლარაციას ხელს აწერდნენ: რუსეთის პატრიარქი, აზერბაიჯანის შეიხი, სომხეთის კათოლიკოსი. აკლდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხელმოწერა. ამ შეხვედრაზე მეც გახლდით. ვიცოდი, რომ ჩვენი პატრიარქის მიერ დეკლარაციაზე ხელმოწერა კომიტეტის შექმნის დასტური იქნებოდა. უწმიდესმა, სულიწმიდის მადლითა და წყალობით, უდიდესი დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა. წარმომადგენელმა პირდაპირ ჰკითხა უწმიდესს: აწერთ თუ არა ხელსო. მანამდე უწმიდესი დიპლომატიურად ცდილობდა ეს ხელმოწერა თავიდან აეცილებინა, მაგრამ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლებოდა: ან ჰო უნდა ეთქვა, ან არა. ბოლოს მიუგო: კი ბატონო, მაგრამ სინოდთან შეუთანხმებლად ხომ ვერ მოვაწერ? თუ სინოდი თანახმა იქნება, ხელმოწერას გამოგიგზავნითო. გაოგნებული დავრჩი ამ სხარტი დიპლომატიური ნაბიჯით. ე. ი. ჰოც უთხრა, მაგრამ რაღაცით დააყოვნა და საბოლოოდ ამ დეკლარაციაზე ხელი არ მოუწერია. ასე რომ, ჩაიშალა ახალი მცდელობა საბჭოთა ხელისუფლების ნარჩენების აღორძინებისა. ღვთის წყალობით ბევრ შეხვედრაზე ვიყავი პატრიარქთან ერთად და ბევრჯერ მინახავს მისი საოცარი თავდადება ერისა და ეკლესიისათვის. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პატრიარქი გვყავს”.

"მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, საჭიროა ინფორმაციის ფლობა და ანალიტიკური აზროვნება.

ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია, ამიტომაც აუცილებელია, რომ მანაც იტვირთოს აღმზრდელობითი ფუნქცია”, (ილია II. აღდგომა ქრისტესი, 2007 წ).

შეუძლებელია ახალგაზრდა იზრდებოდეს ქართული ტრადიციული ღირებულებების უგულებელყოფის ატმოსფეროში და მაგალითად, ჯარში, იგი თავისი ქვეყნის მამაც დამცველად მოგვევლინოს.

შეუძლებელია, საზოგადოება უარყოფდეს თავის მეობას, უარყოფდეს იმ ზნეობრივ საფუძვლებს, რასაც ისტორიულად ეყრდნობოდა (მაგ. მეგობრობის, ვაჟკაცური ღირსების, უფროსისადმი პატივისცემის, ერთგულების, ურთიერთგატანის, ქალის სიწმინდის ინსტიტუტს) და მან ააშენოს წარმატებული ქართული სახელმწიფო, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო თავისი ისტორიიდან მომდინარეობს და თავის ტრადიციებზეა დაფუძნებული” (ილია II. საშობაო ეპისტოლე, 2007 წ).

ჩვენი რედაქცია ყოველთვის დიდი გულისყურით იღებდა უწმიდესისა და უნეტარესის ყოველ სიტყვას, ამიტომაც ყველა საქმის წამოწყების წინ ცდილობდა პატრიარქის კურთხევა მიეღო... მრავალ საზრუნავში ჩაფლული ერის სულიერი მამა ყოველთვის სიყვარულით გვითმობდა ყურადღებას, ხედავდა თითოეული ჩვენგანის სულს და გზასაც გვიჩვენებდა. თითქოს ახლაც ჩაგვესმის:

ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთის და ქვეყნის სამსახურად უნდა გამოვიყენოთ”, - (ილია II. ქადაგებიდან, 2005 წ.).

2004 წელს ეკურთხა წმიდა სამების ტაძარი, რომელიც უწმიდესის და უნეტარესის მოღვაწეობის გვირგვინად მოიაზრება. კურთხევის დღეს ტაძარში მტრედი(!) შეფრინდა. ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ის საკურთხეველში შეიყვანა. პატრიარქმა ბრძანა, - ჩემს ტახტზე დასვითო. მთელი კურთხევის განმავლობაში მშვიდად იჯდა მტრედი საპატრიარქო ტახტზე... მადლი ყოველთვის თვალით შეიძლება ვერ ვიხილოთ, ვერც სიმბოლოებით აღვიქვათ, მაგრამ გული ხომ შეუცდომლად იგრძნობს...

განსაცდელში მარად ჩვენთან არის. ასე იყო 9 აპრილს, ასე იყო 7 ნოემბერს... ასეა ყოველთვის.

სრულყოფის კიბეზე უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა მიუძღვის ქართველ ერს.

ღვთის ნებით, ასე იყოს მრავალჟამიერ.