საფრანგეთი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების გამო. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ „შარიტეს“ კლინიკის ექიმების მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, რაც ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე მიუთითებს. საფრანგეთი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების გამო. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს და დაადგინოს ამ საქმის გარემოებები. დამნაშავეები უნდა გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. 24 აგვისტოს გერმანელმა ექიმებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაადასტურეს.