ბელარუსის ქალაქ გროდნოში სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი „ბელსატი“ ავრცელებს.
საპროტესტო აქცია ერთ-ერთი რაიონის მილიციის განყოფილებასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა საწარმო „გროდნო აზოტის“ 28 მუშა დააკავეს. მომიტინგეები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვდნენ და რამდენიმესაათიანი პროტესტის შედეგად მიზანს მიაღწიეს.
არსებული ინფორმაციით, როდესაც საპროტესტო აქცია უკვე იშლებოდა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა მათი დაკავება დაიწყეს. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა, შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.
მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.