აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატიული პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნების მოპარვას ცდილობს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გააკრიტიკა ფოსტით ხმის მიცემის მეთოდი.
„დემოკრატები“ კორონავირუსს იყენებენ, რათა არჩევნები მოიპარონ. კორონავირუსს იყენებენ, რათა ამერიკელ ხალხს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები თაღლითურად წაართვან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ფოსტით ხმის მიცემა არჩევნებზე თაღლითობის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
დღეს „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე დონალდ ტრამპს 1 276 დელეგატმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული პროცედურა ფორმალური იყო, ვინაიდან მანამდე დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზში გაიმარჯვა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპსა და მაიკ პენსს „დემოკრატების“ მხრიდან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სენატორი, კამალა ჰარისი დაუპირისპირდება.