გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი რუსეთის ხელისუფლებას დაჟინებით მოუწოდებენ, გამოავლინოს და პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომლებსაც ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან კავშირი აქვთ.
„ალექსეი ნავალნის რუსეთის პოლიტიკურ ოპოზიციაში როლის გათვალისწინებით, გერმანია რუსეთის ხელისუფლებას დაჟინებით მოუწოდებს, აღნიშნული დანაშაული გამჭვირვალედ გამოიძიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გერმანული კლინიკა „შარიტეს“ ექიმების მიერ ჩატარებული დიაგნოსტიკის შედეგების თანახმად, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მოწამლეს. როგორც გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რუსი ოპოზიციონერი ქოლინესტერაზას ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს.
კლინიკაში ასევე აღნიშნეს, რომ ალექსეი ნავალნი კვლავ კომაშია, თუმცა მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ალექსეი ნავალნის მკურნალობის შემდეგ ნერვული სისტემის გართულებები ექნება.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.