ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი დაკითხვაზე დაიბარეს

ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი დაკითხვაზე დაიბარეს

ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერალი, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ბელარუსული რედაქცია ავრცელებს.

ალექსიევიჩი დაკითხვაზე 26 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს შექმნის საქმეზე მოწმის სტატუსითაა დაბარებული. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ფაქტზე გამოძიება ბელარუსის გენპროკურატურამ 20 აგვისტოს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, საქმე აღძრულია „ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დამაზიანებელი ქმედებებისკენ მოწოდების“ მუხლით, რომელიც სასჯელის სახით 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას, ერთ კვირაზე მეტია, ითხოვენ.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.