სევდით დაფერილი ზღაპარი

სევდით დაფერილი ზღაპარი

ეს ამბავი ზღაპარს ჰგავს, ჯადოსნურ ზღაპარს, რომელიც შეიძლებოდა ვინმეს სიზმრად ენახა ან მოეფიქრებინა. არადა, აქ ყველაფერი ისეთივე რეალურია, როგორც ის, რომ თქვენ ახლა ქართულ სიტყვებს კითხულობთ. რაც უფრო დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მით მეტად სიხარულით აგავსებთ ყოველი ფრაზა, რადგან მე ადამიანურ ხიბლსა და მშვენიერებაზე, უდიდეს ნიჭსა და სულიერ ძლიერებაზე უნდა გესაუბროთ. ეს ყველაფერი ერთ ქალბატონს ეხება, რომელიც კარგა ხანია ჩვენს ცნობიერებაში დიდ სიყვარულთან ასოცირდება - ბელა მირიანაშვილი...

რა საოცარია, ვისაც კი ვთხოვე ქალბატონ ბელაზე ეამბნა რამე, კახი კავსაძეზე მიამბობდა - როგორ უყვარდა, როგორ უვლიდა, რა მშვენიერი ოჯახი ჰქონდათ... მაშინ პირიქით ვცადე - კახი კავსაძის შესახებ მოყოლა ვთხოვე მის კოლეგებსა და ნაცნობებს... პირველივე ფრაზაში ბელა მირიანაშვილი მიხსენეს. ვაღიარე, რომ მართლაც განუყოფელ, ერთ მთლიანობასთან გვქონია საქმე და მეც გიამბობთ სევდით დაფერილ ჯადოსნურ ზღაპრებს.

იღბალი

კახი კავსაძე ქუჩაში შეხვდა თავის კოლეგას - ლეილა ღამბაშიძეს. ეტყობა, ორივე უგუნებოდ იყო, ძალზე გადაღლილები, ნერვებაშლილები. არტისტობა ხომ უბრალო საქმე არ არის, ბევრი უსიამოვნება ახლავს თან და დიდი შრომა სჭირდება. კარგა ხანს უზიარებდნენ ერთმანეთს განცდილს, თავიანთ “მძიმე” ხვედრზე ჩიოდნენ. ისიც კი თქვეს, არ ღირს ამდენ წვალებადო... და უცებ კახი გაჩუმდა. გაჩუმდა ლეილაც. მერე კახიმ თავი გააქნია: არა, არტისტი რომ არ გავმხდარიყავი, ბელას ხომ ვერ გავიცნობდიო.

...ზღაპრად მოგეჩვენათ? არადა, ზღაპარი თვითონ ქალბატონი ბელა იყო. საოცრად მომხიბვლელი, მშვიდი, განათლებული და ნიჭიერი. შეეძლო თავისი ტკივილი დაეფარა, თავს არ მოეხვია ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისათვის და მათი დასაყრდენი ყოფილიყო, მათი დარდი გაეზიარებინა.

გასტროლი

უკვე ავად იყო, მაგრამ რობერტ სტურუამ მაინც ჩართო რუსთაველის თეატრის საგასტროლო ჯგუფში, როგორც მეორე რეჟისორი. პოლონეთში მიდიოდნენ. იქაურ ექიმებს უკვე გასინჯული ჰყავდათ მშვენიერი ქართველი ქალბატონი, მკურნალობაც დაუნიშნეს, თითქოს უკეთაც იყო და პოლონეთში ხელახლა ჩასულს, უნდოდა ეჩვენებინა, კარგად რომ დადიოდა. მატარებელი გაჩერდა. ბაქანზე ჩამწკრივებულიყვნენ პოლონელი არტისტები და... ბელა მირიანაშვილის მკურნალი ექიმები. ბელა ფანჯარასთან მივიდა და გულწრფელი სიხარულითა და ბედნიერი ღიმილით გადახედა გულთბილ მასპინძლებს. უმალ შენიშნეს, ძალიან ძნელი იყო, არ შეგენიშნა. იმ ბედნიერ წუთებში, როცა ბელა ბაქანზე უნდა ჩასულიყო და ექიმების დასანახავად გაევლო, ზედმეტად აღელდა. კიბეზე გაჩერდა და... ნაბიჯი ვეღარ გადადგა. უცებ მობრუნდა კახი, ხელში აიტაცა მეუღლე და პოლონელი ექიმების წინ როგორც ზღაპრული ფერია, ისე ჩამოსვა. ყველა შეჩერდა. უცნობიც, ნაცნობიც გაბრწყინებული უყურებდნენ წყვილს და ტაშს უკრავდნენ. ზოგმა სულაც არ იცოდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, საიდან ჩამოვიდნენ, ან რატომ აიტაცა ხელში მამაკაცმა მშვენიერი ქალი. იცოდნენ მხოლოდ ერთი რამ - სიყვარულს თარგმანი არ სჭირდება. ყველასათვის გასაგებია.

საჩუქარი

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებთან გიორგი თოლორდავასა და მის მეუღლესთან, დალი მაცაბერიძესთან დაღესტნიდან ხშირად ჩამოდიოდა ერთი კაცი - მამედა. ხელთ მუდამ დაღესტანში ნაკეთები ვერცხლის ნივთებით სავსე დიდი ჩემოდანი ჰქონდა. გაშლიდნენ ხოლმე მაგიდაზე მშვენიერ ნივთებს, შემოეხვეოდნენ ნაცნობ-მეგობრები და ყიდულობდნენ მამედასაგან მშვენიერ ვერცხლის ნაკეთობებს.

...ბელა მირიანაშვილს ძალიან უყვარდა ვერცხლი. ერთხელ ქალბატონმა დალიმ შესთავაზა, თუ გინდა მამედას თეატრში მოგიყვან, აარჩიე, რაც მოგეწონებაო. სიხარულით დათანხმდა ბელა.

იმ დღეს კახი და ბელა ჩვეულებრივ მივიდნენ თეატრში. მამედაც მომზადებული დაახვედრეს. ამოიღო და ამოიღო ჩემოდნიდან ვერცხლის ქამრები თუ გულსაკიდები, საყურეები, ბეჭდები, ჯაჭვები... “რა ლამაზია!” - შესძახა ბელამ. მერე ერთი ნივთიდან მეორეზე გადაიტანა მზერა. “ესეც რა მშვენიერია!” ასე დაუსრულებლად... მოულოდნელად კახიმ: მამედ, ერთი აქეთ მობრძანდითო და, საგრიმიოროდან გარეთ გაუძღვა. ცოტა ხანში დაბრუნდნენ. კახიმ ხელი მოხვია ყველაფერს, რაც მაგიდაზე ეწყო და სავარძელში მჯდომ ბელას კალთაში ჩაუყარა: ყველაფერი შენიაო. კახიმ ვერცხლში ჩამსვა თავიდან ფეხებამდეო, უთქვამს ბელას.

თვეების შემდეგ მამედა შეხვდა დალი მაცაბერიძეს: ეს რა კაცი იყო, მთელი ჩემოდანი ვერცხლი იყიდაო, - ხელებს შლიდა თურმე, - თანაც გვარიანად გადამიხადაო!

ბაფთები

მშობიარობის შემდეგ ძალიან უჭირდა ბელა მირიანაშვილს ფეხზე დგომა, თუმცა მის შვილებს არასოდეს უგრძნიათ, რომ დედას რაღაც არ შეეძლო. იშვიათად, მაგრამ ისეც ხდებოდა, რომ პატარა ირაკლისთან მარტო რჩებოდა შინ. ბავშვი გაიღვიძებდა, ხის საწოლში წამოჯდებოდა, დედას კი არ შეეძლო ხელში მისი აყვანა. მაშინ საწოლთან ახლოს მჯდარი დედა ზღაპრის მოყოლას იწყებდა. პაწია გაფართოებული თვალებით უსმენდა, სულ ავიწყდებოდა, ორიოდ წუთის წინ საწოლიდან ამოსვლა რომ უნდოდა. ეს იყო ყველაზე დიდი სპექტაკლი ბელა მირიანაშვილის ცხოვრებაში, რომელსაც ყველაზე დიდი ხელოვნებით წარმოადგენდა. მას ყველაზე ძვირფასი მაყურებელი ჰყავდა. ბელა მირიანაშვილს შეეძლო საკუთარი ტრაგედიაც კი სხვათათვის დღესასწაულად ექცია.

მასთან შინ რამდენიმე ადგილას თოკი იყო გაბმული. ზოგჯერ ამ თოკების დახმარებით უნდა გადაადგილებულიყო. თოკებზე ბაფთები იყო შებმული. იქნებ ის, ვინც ამ ბაფთებს აბნევდა (ამბობენ, კახი კავსაძემ მოიფიქრაო) აღიარებდა, რომ სიცოცხლე მშვენიერია... მაშინაც კი, როცა ცრემლებამდე გტკივა.

ყვავილების სიყვარული შემეყარა”

ამ სიფრიფანა ქალბატონის სულიერი ძლიერება ყოველთვის თვალში საცემი იყო.

ვერ იტანდა, როცა ვინმეს უსამართლოდ ექცეოდნენ. ერთხელ, ვიღაც ახმახმა მის გვერდით მდგომ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა. რას ბედავო, უყვირია ბელას. შენ ვინ გეკითხებაო, იყო პასუხი. ვინ მეკითხება და, ჩემი მეგობარია, არ გაბედო, ცუდად მოექცეო.

მშვიდი, ჭკვიანი და მშვენიერი ქალი შეუმჩნეველი არ დარჩენია კახი კავსაძეს. ყველა სპექტაკლის მსვლელობისას, როცა ბელა სცენაზე გადიოდა, კახი კულისებში იდგა. იცოდა, რომ ელოდით? - ვკითხე ბატონ კახის. არა, არ იცოდა, შეუმჩნევლად ვიდექიო. სამაგიეროდ, მაშინ კი ყველამ შეამჩნია, როცა ბელას სახლთან დაიწყო დგომა. ერთხელ მეზობლებს ჩამოუგზავნიათ კიდეც ერთი ახალგაზრდა კაცი - გაიგე, ვინ არის, აქ რას დადის, ვის ელოდებაო. კახის ისე შეუხედავს, მარტო მზერით შეუშინებია ცნობისმოყვარე.

“იმ პერიოდში, როცა შეყვარებულები ვიყავით, ყვავილების სიყვარული შემეყარა. რომ მივდიოდი სადმე, უცებ ვიტყოდი, ნახე, რა ლამაზი ყვავილია-მეთქი. ახლაც იცინიან ჩემი მეგობრები: გახსოვს, ყვავილები რომ გიყვარდაო?” - ამბობს ბატონი კახი.

ყოველთვის შეუმცდარი ხომ ვერ იქნებოდა. ერთხელ ნასვამი ვიღაც კაცთან არასწორად მოქცეულა. არც იმ საღამოს, არც მეორე დილით ბელას საყვედური არ წამოსცდენია. ალბათ, მეუღლის თვალებში წაიკითხა: ისიც გრძნობდა. ბელამ იცოდა, როდის რა უნდა ეთქვა.

გამშველებელი

კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი ვორონცოვზე ცხოვრობდნენ. საოცარი ადგილი იყო - სადაც უნდა მოსვლოდათ ახალგაზრდებს ჩხუბი, ბოლოს მაინც ვორონცოვზე ნიშნავდნენ შეხვედრას და სწორედ კახი კავსაძის მანქანის ირგვლივ არჩევდნენ საქმეებს. გაიგონებდა ქალბატონი ბელა და მეუღლეს დაუძახებდა:

- კახი, ჩადი, გააშველე. მგონი, ერთ-ერთს იარაღიც აქვს, არ დახოცონ ერთმანეთი!

- რა ვქნა ახლა, რა ვუშველო?! - გაბრაზდებოდა კახი.

- უნდა ჩახვიდე! ...და ისიც სირბილით დაუყვებოდა კიბეს. შინ მეუღლეს ტოვებდა, რომელმაც იცოდა, რომ სხვის სიცოცხლეს უნდა მოფრთხილებოდა.

კახი კავსაძე: - ადრე მიკვირდა, რომ მღეროდნენ: “ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, დაბრუნება და შინ მოსვლა, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო”... მერე ისე მოხდა, მე მიხაროდა შინ მისვლა.

მაშინ, როცა მკაცრ რეალობას კახი კავსაძემ თითქმის ომი გამოუცხადა და ულმობელ დაავადებასთან ბრძოლა არ შეწყვიტა, ისევ მეუღლე მოევლინა “გამშველებლად”:

- იცი, ჟურნალისტებმა დამირეკეს. 23 წელია სცენაზე არ ვმდგარვარ, ნეტავ რა უნდათ...

- სამაგიეროდ იციან, კახის ცოლი ხარ, - ხუმრობდა კახი.

- მართლა? ჰო, მეც ასე მითხრეს.

წასვლა

ერთხელ მშვიდ, მაგრამ დაჟინებულ მზერას არ აშორებდა ბელა მირიანაშვილი მეუღლეს.

- რას მიყურებ, თითქოს პირველად მხედავდე! - ჰკითხა კახიმ.

- ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება... დამთავრდება, - წყნარად თქვა მეუღლემ.

- მერე?

- ყველა იპოვის თავის გზას, შენ დარჩები მარტო, ამიტომ თავს უნდა მიხედო.

- მე დაკავებული კაცი ვარ, შენ მომიძებნი ვინმეს? - ეხუმრა კახი და ხუმრობაში ჩაატარა პირველი საუბარი.

ივნისი იქნებოდა... ისევ გააგრძელა ცოტა ხნის წინ დაწყებული მსჯელობა.

- ვინმე უნდა იპოვო, კახი!

მაშინ კი გაბრაზებულა კახი: ეგ ერთხელ თქვი და მეტი არ გაიმეორო, თორემ გაწყენინებო!

გავიდა კიდევ ცოტა ხანი. კახი კავსაძე მოსკოვში იყო გასტროლებზე. 29 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო. 27 აგვისტოს დარეკა: როგორ ხარო, ჰკითხა. არა მიშავს, კარგადო, უპასუხია ბელას. რაღაც ხმა არ მოეწონა და ჩაეკითხა - რამე ხომ არ გიჭირსო.

ქალბატონმა ბელამ, პირველად სიცოცხლეში, დამარცვლით უთხრა: ჩა-მო-დი...

დაუყოვნებლივ ჩამოფრინდა. 28 აგვისტოს დილით კი ბელა წავიდა. უკანასკნელი საათები ერთად გაატარეს. კახი ცდილობდა, ელაპარაკა, ეხუმრა... უცებ ბელამ: იცი, სხვა განზომილებას ვგრძნობო! კარგი რა, რა განზომილება! - გაუიოლა კახიმ...

- Блаженство! - უთქვამს ბელა მირიანაშვილს. ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. რამდენიმე წუთში წავიდა... კახი კი დუმდა, კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. “ვიცოდი, მისი გონება ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ხმას არ ვიღებდი”, - გაიხსენა ბატონმა კახიმ. ცრემლისთვისაც კი ვერ გაიმეტა, რომ ზედმეტად არ შეეწუხებინა ის, ვისი წასვლის შემდეგაც კი მარტო არ დარჩენილა - ისინი ხომ არასოდეს, არავის უხსენებია ცალ-ცალკე: ბელა მირიანაშვილი და კახი კავსაძე.