ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იური კარაევმა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ საპროტესტო აქციებზე შემთხვევითი გამვლელები დაშავდნენ.
„პასუხისმგებლობას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ საპროტესტო აქციებზე შემთხვევითი გამვლელები დაშავდნენ“, - განაცხადა ბელარუსის შს მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული ჟურნალისტები პირველ რიგში უნდა გაათავისუფლონ.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.