ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.
„ბელარუსებს ჩვენი დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით უნდა გაიმართოს, გამჭვირვალედ და უცხოელი დამკვირვებლების თანდასწრებით“, - დაწერა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა თწიტტერ-ზე.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.