ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ კვლავ შეგვიძლია ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ვუწოდოთ, ვინაიდან ბელარუსში თავისუფალი და დემოკერატიული არჩევნები არ არის“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსში კრიზისი მშვიდობიანი გზით არ გადაწყდება, სანქციების დაწესება შესაძლო ვარიანტად განიხილება.
„თუ პასიურად დავაკვირდებით იმას, რაც ბელარუსში ხდება, შესაძლოა, ბელარუსის რუსეთში სრული ინტეგრირება მოხდეს. ევროკავშირი დაინტერესებულია იმაში, რომ ბელარუსი სტაბილური, დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფო იყოს“, - დასძინა მან.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.