ახალი წელი თბილისურად - 10 მეტრიანი ხაჭაპური, ტონა-ნახევარი საცივი და 25-მეტრიანი გოზინაყი

ახალი წელი თბილისურად - 10 მეტრიანი ხაჭაპური, ტონა-ნახევარი საცივი და 25-მეტრიანი გოზინაყი

წლის ბოლოს საახალწლო სამზადისით ყველაზე დაკავებული საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროა, რომელიც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად ახალი, 2007 წლის აღნიშვნას რეკორდით აპირებს. საგანგებოდ 31 დეკემბრისთვის გამოცხობილი გიგანტური ხაჭაპური, გიგანტური საცივი და უზარმაზარი გოზინაყი, ალბათ, უთუოდ შევა გინესის რეკორდების წიგნში.

ემანდ სირცხვილი არ ვჭამოთო, ძალიან ღელავენ იდეის ინიციატორებიც, ორგანიზატორებიც და შემსრულებლებიც. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს პაპუნა დავითაიასა და თბილისის მთავარ კეთილმომწყობ კობა სუბელიანს ნამდვილად გამოადგათ ოჯახური გამოცდილება, ამიტომ იოლად არჩევენ, რომელი ინდაურისგან უფრო კარგი საცივი შეიძლება მომზადდეს.

სარეკორდო კერძისთვის საგურამოელი ჟუჟუნა ფეიქრიშვილისგან 60-60 ლარად შეიძინეს 40 ინდაური, რაც ჯერ ტონანახევრიანი საცივის მოსამზადებლად არ კმარა. სიმინდით ნაკვები, ჯანსაღი და ჩასუქებული ინდაურები არ ყოფილა იოლი საშოვნი (ისე, როგორც გამიგონია, პირველი თოვლნაჭამი სჯობია ყველას). “საცივი რომ გემრიელი გამოვიდეს, ყველა ინგრედიენტი ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს”, - მიხსნის პაპუნა დავითაია, რომელმაც ჯერ არ იცის (მისდა საბედნიეროდ), რომ 31 დეკემბერს ქუდზე კაცი აპირებს კარდალებით გამოსვლას მუნიციპალური საცივის დასაგემოვნებლად.

- რეკორდის იდეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ შთაგვაგონა. ალბათ, იცით, უცხოეთში როგორ ორიგინალურად ხვდებიან ახალ წელს, - აცხობენ ვეებერთელა პიცებს, ტორტებს, აკეთებენ კერძებს. ამით ეროვნულ სამზარეულოსაც აცნობენ მსოფლიოს და რეკორდებსაც ამყარებენ. რითი ვართ ბატონო, სხვებზე ნაკლები.

მიკვირს, გიგანტური ჩურჩხელის ამოვლება რომ არ გადაწყვიტეთ...

- კარგი იდეაა... ალბათ, მომავალ რთველზე გიგანტურ ჩურჩხელასაც ამოვავლებთ (მინისტრის მოადგილემ ცხვირწინ ამართვა იდეა). ამჯერად კი პირველ “გამოცდას” 31 დეკემბერს, რიყეზე ჩავაბარებთ. ხაჭაპურსა და გოზინაყს თოვლის ბაბუა დაჭრის; საცივს, ხაჭაპურსა და გოზინაყს მიირთმევს ყველა, ვინც რიყეზე მოვა. დიდი ნადიმი ახალ წლამდე ორი საათით ადრე დაიწყება.

დაახლოებით რა თანხა ჯდება ეს ყველაფერი?

- 30 ათას ლარამდე, მაგრამ ჯერ ყველა პროდუქტი არ შეგვიძენია, ამიტომ ძნელია ზუსტად თქმა.

ვატყობ, ბაზარში პროდუქციის დეფიციტს შექმნით.

- (ეცინება) პროდუქციას, ძირითადად, რაიონებში ვყიდულობთ.

საახალწლოდ სხვა რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი?

- პირველი იანვრიდან 14 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ჩატარდება სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის იუმორისტული და სხვა სახის წარმოდგენები რიყეზე გაიმართება. ჩატარდება საბავშვო კონცერტები, სანტა-კლაუსები გაართობენ ბავშვებს. თბილისელები და სტუმრები ნამდვილად არ მოიწყენენ. ახალი წლის ღამეს თავისუფლების მოედანზე გაიმართება გალაკონცერტი მხოლოდ ქართველი მომღერლების, მოცეკვავეებისა და მსახიობების მონაწილეობით...

სარეკორდო კერძების ზომების დასადგენად ერთ-ერთ შეფ-მზარეულს, თამარ კაპანაძეს მივმართეთ:

- ჯერ გვიჭირს ზუსტად იმის თქმა, რომელ კერძს რა რაოდენობის პროდუქტი დასჭირდება. საცივი, ასე ტონა-ნახევრამდე დამზადდება, მას 135-მდე ინდაური და 200 კილოგრამამდე ნიგოზი დასჭირდება. ხახვისა და სანელებლების რაოდენობასაც ბოლოს განვსაზღვრავთ. გოზინაყი 20-დან 25 კვმეტრამდე ფართობზე გადაიჭიმება, მას 80 კილოგრამამდე თაფლი და 200 კილოგრამამდე ნიგოზი მოხმარდება. ხაჭაპური 10 კვადრატული მეტრი იქნება, დასჭირდება 100 კილოგრამი ყველი და ფქვილი იმდენი, რამდენიც დაეტევა უზარმაზარ თასზე ცომის მოზელისას.

საგანგებოდ ვარჩევთ ყველსაც, ნიგოზსაც, თაფლსაც, ინდაურებსაც. კერძები მომზადდება გიგანტურ ჭურჭელში. სპეციალურად შევუკვეთეთ უზარმაზარი ტაფა და ქვაბი 31-ე საავიაციო ქარხანაში.

ამ პროცესში მონაწილეობს რამდენიმე ათეული მზარეული. ცხადია, ყველაფერი ერთ ღამეში ვერ გაკეთდება. უკვე დავიწყეთ ნიგვზის დარჩევა, ყველაფერი კი 31 დეკემბერს, დილით დაგვირგვინდება და ჩვენს ნამუშევარს, ალბათ, სიამაყით წარვადგენთ რიყეზე.

საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის თავმჯდომარემ გვანჯი მანიამ თბილისში დაგეგმილი რეკორდის შესახებ უკვე საქმის კურსში ჩააყენა გინესის რეკორდების მთავარი ოფისი.

- როგორც იქნა, დადგა დრო, მსოფლიოს წინაშე წარმოვაჩინოთ ქართული სამზარეულოს უნიკალური ნიმუშები, რომლებიც ასახული არ არის თვით ქართულ ენციკლოპედიაშიც კი. ენციკლოპედიის თერთმეტტომეულში მხოლოდ გოზინაყია დასახელებული, მაგრამ დავიწყებიათ ელარჯი, საცივი, სულუგუნი, ფელამუში, ჩაქაფული, ჩიხირთმა, ჩახოხბილი, ჩურჩხელა, ხარჩო და ხაჭაპური. ჩვენივე საგანძურის დაუფასებლობა სრული უგუნურებაა მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იხსნება ქართული რესტორნები და ქართული სამზარეულო დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება.

ასეთ ვითარებაში გოზინაყის, ხაჭაპურისა და საცივის აპოლოგია(!) არის დიდი ჰუმანური ნაბიჯი, რომელსაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი ექნება (ალბათ, ამ რეკორდის დამყარების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ხაჭაპურზე, საცივსა და გოზინაყზე შეკვეთებს ვერ ავუვალთ). ჩინეთმა ჰონგკონგის დაბრუნების აღსანიშნავად გააკეთა 480-კილოგრამიანი პელმენი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. დომინიკელთა რესპუბლიკაში სასტუმრო “პლადა დოდას” მზარეულთა გუნდმა 2000 წლის პირველ იანვარს მოშუშული ხორცითა და ბოსტნეულით შეკაზმული ყველაზე დიდი “სანკოჩო” გააკეთა; აშშ-ში შექმნეს 18-ტონიანი ყველი “ჩესბერი,” რომელიც ყველომობილით მოატარეს ყველა შტატში. ხედავთ, როგორ დაიჩაგრა ჩვენი სულუგუნი?! ხედავთ, რას ნიშნავს რეკორდი?! ძალიან ხშირად კეთდებოდა სარეკორდო კერძები, რომელთაც ხალხი მხოლოდ და მხოლოდ უყურებდა, მადააღძრული ტუჩებს ილოკავდა, მაგრამ გემოს არავინ ასინჯებდა, ამიტომაც ამჯერად სარეკორდო პირობებში მითითებულია, რომ მაყურებელმა უნდა დააგემოვნოს ნუგბარი.

ვინ შეაფასებს სარეკორდო კერძებს რიყეზე?

- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს განკარგულებით შექმნილი კომისია, რომელიც საზოგადო მოღვაწეების გარდა გურმანების, კულინარების, ეთნოგრაფებისგან და ა.შ. შედგება.

სხვათა შორის, პოსტსაბჭოურ სივრცეში ასეთი რეკორდი არავის მოუწყვია. არც ერთ ქვეყანას არ უცდია დღემდე საკუთარი სამზარეულოს წარმოდგენა.

საგინესო აქციებში ყველაფერი საჯაროა. ამიტომაც კომისია ქართველი საზოგადოების თვალწინ დააგემოვნებს, გასინჯავს და შეაფასებს გიგანტურ კერძებს (თუ აცალეს! - ავტ.). ექსპერტები იტყვიან, ვარგა თუ არა სარეკორდო ნიმუშები. ეს ყველაფერი აღიბეჭდება ვიდეო და ფოტომასალების სახით და გაეგზავნება გინესის რეკორდების წიგნის ცენტრალურ ოფისს.

ამასთან, ზუსტად განიმარტება ამ კერძების მნიშვნელობა, რაც შეცდომით არის განმარტებული ლექსიკონებში. მაგალითად, გოზინაყზე წერია, რომ ეს არის თაფლში მოხარშული ნიგოზი, რაც შეცდომაა. სულხან-საბას თქმით კი, “გოზინაყი არის წვრილად დაჭრილი ნიგოზი თაფლით ნადუღარი”.

ხაჭაპურზე წერია, ყველიანი ნამცხვარიაო. გაგიჟდა ამაზე ექსპერტი კულინარი. ნამცხვარში იგულისხმება სიტკბო და აბა, სად სჭირდება შაქარი ხაჭაპურსო. ტერმინოლოგიაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი ზოგჯერ ერის კულტურას ამახინჯებს.

სარეკორდო წარმოდგენას გააშუქებენ საქართველოში მოქმედი ქართული და უცხოური საინფორმაციო საშუალებები და ეს ამბავი მთელ მსოფლიოში გახმიანდება.

P. S. თბილისში ბევრს მოსწონს სარეკორდო კერძების მომზადების იდეა, თუმცა ზოგი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, ეს 14 იანვრისთვის გაგვეკეთებინა. ასე მსოფლიო იმასაც გაიგებდა, საქართველოში ახალი წელი ორჯერ რომ დგებაო... და კიდევ ერთი, თბილისელებს ძალიან აინტერესებთ, რა სახის ჯამ-ჭურჭლით მივიდნენ (ისიც საკითხავია საცივს რას მიაყოლებენ, ღომს, მჭადს თუ პურს) რიყეზე თუ ამაზეც დიდი “უფასო სასადილოს” შეფები იზრუნებენ. ხო, მართლა, კოვზების წამოღება არ დაგავიწყდეთ, ხალხო... დიდი კოვზების!