ბელარუსის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების ფონზე დღეიდან ქვეყანაში პიროტექნიკის გაყიდვა აკრძალა. მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული დადგენილება ნაციონალურ სამართლებრივ ვებგვერდზე განთავსდა.
მანამდე, მასობრივი არეულობების მონაწილეებმა ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკა გამოიყენეს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.
ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.