ბადრი ბიწაძე პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას აპირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ აპირებს ხელისუფლებას მძევლად ჩააბაროს მისი ოჯახის რომელიმე წევრი. გარდა ამისა, ბურჯანაძე აცხადებს, რომ შესაძლოა ბადრი ბიწაძის დაკავება თავად ხელისუფლებასაც არ აწყობდეს, რადგან ამას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფართო რეზონანსი მოჰყვება.
"ხელისუფლება ამჟამადაც ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ვიდეოფირები, რომლებიც ჩემი მეუღლის შესახებ გამოაქვეყნეს, საქმეში მტკიცებულებად არ დევს. ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ მათ მხოლოდ სამი კაცის ჩვენება აქვთ. აქედან ორი აცხადებს, რომ მას არ იცნობდნენ და პირველსავე შეხვედრაზე ბადრი ბიწაძემ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული გეგმები გაუმხილა. მისი დაპატიმრების შემთხვევაში, ხელისუფლებას სერიოზული მტკიცებულებების წარმოდგენა მოუწევს, ასეთი კი არ აქვს. ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალია ბადრი ბიწაძეს პოლიპატიმრის სტატუსი მიეცეს, რაც ხელისუფლებას, ვარწმუნებ, რომ არ აწყობს", - აღნიშნა ბურჯანაძემ
ჟურნალისტებთან არაფორმალური შეხვედრა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა სასტუმრო "ძველ თბილისში" გამართა.
ბადრი ბიწაძემ საქართველო 26 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ დატოვა და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ სახელდება.