ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა არ არის პასუხი. სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.
ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ ინფორმაციით, მინსკში სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 47 ადამიანი დააკავეს, ხოლო ბელარუსის მასშტაბით 119.