ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს.
„რა თქმა უნდა, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებს არ ვაღიარებთ. ჩვენ მიერ მიღებული მონაცემები არ ემთხვევა ცესკოს მონაცემებს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ქვეყანაში მშვიდობიან ცვლილებებს.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.
ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ ინფორმაციით, მინსკში სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 47 ადამიანი დააკავეს, ხოლო ბელარუსის მასშტაბით 119.