ლიბანის პრეზიდენტი, მიშელ აუნი ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან გარე ძალების კავშირს არ გამორიცხავს.
„აფეთქების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. არსებობს იმის ალბათობა, რომ გარე ძალების ჩარევის შედეგად მოხდარიყო, რაკეტის ან ბომბის მეშვეობით. გვსურს გავარკვიოთ, ეს გარე თავდასხმა იყო, დაუდევრობა თუ პორტში ხანძარი გაჩნდა“, - აღნიშნა ლიბანის პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ბეირუთში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ლიბანის ხელისუფლებისათვის აფეთქების მომენტში თანამგზავრიდან გაკეთებული ფოტოების მიწოდება სთხოვა.
ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5 000-მდე ადამიანი. ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.