ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ლიბანური პარტია „ალ-კატაიბის“ გენერალური მდივანი, ნაზარ ნაჯარიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ალ-კატაიბი“ მემარჯვენე ოპოზიციური პარტიაა, რომელიც მარონიტი ქრისტიანების ინტერესებს წარმოადგენს. პარტიის ლიდერი სამი ჟმაიელია.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის, ჰამად ჰასანის განცხადებით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 500 - დაშავდა.
ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა 5 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.
ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა.