აშშ-მა და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში აშშ პოლონეთში დამატებით ათასს ჯარისკაცს გააგზავნის.
„თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საშუალებას იძლევა პოლონეთში ამერიკის შეიარაღებული ძალების როტაციული ყოფნა ათასი ადამიანით გავზარდოთ. ამჟამად პოლონეთში უკვე იმყოფება 4 500 ამერიკელი სამხედრო“, - განაცხადა მარკ ესპერმა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთთან მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს რუსეთის შეკავებას, ნატოს გააძლიერებს და აშშ-ის მოკავშირეებს დააიმედებს.
29 ივლისს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 11 900 ჯარისკაცს გამოიყვანს.
„აშშ-ის ევროპული სარდლობის მოქმედი გეგმის თანახმად, გერმანიიდან 11 900 ჯარისკაცის გამოყვანა განხორციელდება. აქედან დაახლოებით 6 400 ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდება“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.