ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიის არმიის პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
„ორშაბათს დილით ისრაელელმა სამხედროებმა გოლანის მაღლობების სამხრეთ ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსება აღკვეთეს. აღნიშნულის საპასუხოდ ისრაელის საჰაერო ძალებმა სამხრეთ სირიაში სირიის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამიზნეები გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის არმიაში აღნიშნეს, რომ ისრაელის თავდაცვითი ძალები განაგრძობენ მტკიცედ მოქმედებას და პასუხს გასცემენ ისრაელის სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას.
3 აგვისტოს სირია-ისრაელის საზღვარზე ისრაელის სამხედროებმა ტერორისტები გამოავლინეს, რომლებმაც ასაფეთქებელი მოწყობილობები განათავსეს ისრაელის არმიის საგუშაგოს მახლობლად. ისრაელის სამხედროებმა აღნიშნული ჯგუფი ადგილზე გაანადგურეს.