გურამ დონაძემ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს

გურამ დონაძემ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე გამოძიებამ, რომ იტყვიან, თავიდან მოიშორა და სასამართლოს გადასცა. სამშაბათს თბილისის სისხლის სამართლის საქმეთა საქალაქო სასამართლო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს. მართალია, აქამდე “ნახევარფაბრიკატ” საქმეებს სასამართლო უკან, ძიებაში ხშირად აბრუნებდა, მაგრამ ჩანს, ამ საქმეს უკან დაბრუნება არ უწერია. ახალი კანონმდებლობით, რომელიც ძალაში რამდენიმე კვირის წინ შევიდა, საქმის ძიებაში დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ბრალმდებელი პროკურორის მოთხოვნით და ისიც ბრალის დამძიმების მიზნით.

ამიერიდან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დეტალებსა და გამოძიებაში დარჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა სასამართლოს მოუწევს. არადა, როგორც დაზარალებულების ადვოკატები ირწმუნებიან, საქმეში პასუხგაუცემელი კითხვები და საეჭვო “ჩავარდნები” საკმარისზე მეტია.

მთავარი სიახლე, რაც გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვა, ის არის, რომ დანაშაულში ბრალდებული და დაპატიმრებული პირები (მიუხედავად სატელევიზიო ეთერით გაკეთებული აღიარებისა) თავს დამნაშავედ აღარ ცნობენ(?!), გამოძიებას კი ჩვენების მიცემის შემდეგაც არ გასჩენია კითხვა, მაშ ის საქვეყნო აღიარება რაღა იყოო... გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მუხლიც შეიცვალა. საქმე განზრახ მკვლელობის ფაქტზე იყო აღძრული. შსს-ს თანამშრომლების დაკავების შემდეგ კი საქმის კვალიფიკაციაც შეიცვალა - ამჯერად ოთხივე ბრალდებულს ბრალი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში (რომელიც სიკვდილით დასრულდა), თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში ედება, რაც განზრახ მკვლელობის მუხლზე გაცილებით ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს.სხვათა შორის, არც ამ შემთხვევაში ცნობენ თავს დამნაშავედ შსს-ს თანამშრომლები...

გამოძიებამ საქმის სასამართლოსთვის გადაცემამდე თითქოსდა შეასრულა გირგვლიანების ოჯახის მოთხოვნა დონაძის, სანოძის, ახალაიასა და სალაყაიას დაკითხვის თაობაზე, მაგრამ გირგვლიანების ერთ-ერთი ადვოკატის მიხეილ რამიშვილის აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო და მეტი არაფერი.

- გამოძიებამ არ დააკმაყოფილა ელემენტარული მოთხოვნა - დაზარალებული მხარის თანდასწრებით და მონაწილეობით დაკითხულიყვნენ “შარდენ-ბარის” ინციდენტში მონაწილე პირები. გამოძიებას ისინი თებერვალ-მარტში ჰყავდა დაკითხული და თუ დაკითხვას დაზარალებული მხარე არ დაესწრებოდა, მაშინ 20 ივნისს მათ დაკითხვას რაღა აზრი ჰქონდა?! ეს იყო საზოგადოებისთვის თვალის ასახვევი დაკითხვა, ვითომ გამოძიებამ ჩვენი მოთხოვნა შეასრულა.

თქვენ უკვე გაეცანით საქმეს. არის განსხვავება თებერვალ-მარტში მიცემულ ჩვენებებთან?

- კიდევ ერთხელ დავრწმუნდით გამოძიების უსუსურობაში. რომ იცოდეთ, რა “კრძალვითა და რიდით” არის ჩამორთმეული ჩვენებები. ძველი ჩვენებებისგან განსხვავებით, ახალ ჩვენებაში ერთ საკითხზეა გამახვილებული ყურადღება, რომ გია ალანია “შარდენ-ბარში” დაპატიჟეს. დონაძის, სანოძის, ახალაიასა და სალაყაიას ახალ ჩვენებებში სწორედ ამაზეა გამახვილებული ყურადღება - თითქოს გია ალანია მართლა მიდიოდა მათთან სტუმრად... ამის დამატება ჩვენებაში გამოძიებას დასჭირდა, მაგრამ ალანია არ იყო იმ რანგის თანამდებობის კაცი, რომ იქ შეკრებილთ დაეპატიჟებინათ, თანაც “წვეულების” ბოლოს.

ძალზე ბევრი საეჭვო დეტალია ამ საქმეში. თავიდან ოთხივე ბრალდებული ერთ საკანში მოათავსეს, რაც წესით, დაუშვებელია; ასევე, არის უამრავი უზუსტობა, რომლებიც ძიებამ შეუგნებლად თუ მიზანმიმართულად დაუშვა. მაგალითად, ლევან ბუხაიძე ჩვენებაში ამბობს, რომ სამნი სცემდნენ ერთს, მაგრამ მისთვის არავის უკითხავს, ვინ დარჩა სანდრო გირგვლიანთან? ან ვთქვათ, როგორ გაიქცა სანდრო? საინტერესოა ისიც, რომ მთაწმინდა-კრწანისის პოლიციაში სანდრო გირგვლიანზე ძებნა დილის საათებში გამოაცხადეს და კინოლოგიის სამსახურიც გამოიძახეს. ამ დროისთვის არავინ არაფერი იცოდა, ოჯახი კი ეძებდა, მაგრამ პოლიციაში გაცხადებული არ ყოფილა. მაშ ძებნა ვინ გამოაცხადა, ვინ გამოიძახა კინოლოგები? გარდა ამისა, ალანია ამბობს, რომ ინციდენტი “შარდენ-ბარის” შესასვლელთან მოხდა. ამაზეც არ გაუცხელებია თავი გამოძიებას. მაშინ, როცა ბარის დაცვას ბარის შესასვლელთან რაიმე ინციდენტი მომხდარიყოს, არ აგონდება...

ასე რომ, ძალზე ბევრი უპასუხო კითხვა დატოვა გამოძიებამ. იმედია, სასამართლოში მაინც გაეცემა პასუხი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მათ აუცილებლად დავსვამთ...

ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა):

“გამოძიებამ თავი მოიჭრა. მაგათი გამოძიებულის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ მკვლელობას შემკვეთები არ ჰყოლია... თუ ყველაფერს არ დაერქმევა სახელი სასამართლოზე, გპირდებით, მე არ გავჩერდები... მე ვთხოვ ხალხს, დაიცვან თავიანთი შვილები, საკუთარი თავი, რადგან ხვალ შეიძლება გვიანი იყოს. თუ არ დაისჯებიან შემკვეთები, თანაც სამაგალითოდ, სანდროს გზას ბევრ უდანაშაულო ადამიანს გაუყენებენ. ვის სჭირდებოდა ის თეატრალიზებული შოუ, გამოძიებამ ბოლო დღეებში რომ მოაწყო და დაკითხვაზე მიიყვანა ეს ხალხი? ჩემი ადვოკატები ჩვენი თანდასწრებით მათ დაკითხვას ითხოვდნენ, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. კარგად იციან, რაც ჩაიდინეს და ამიტომაც ეფარებიან თვალს, მაგრამ სასამართლოზე ხომ მაინც მოუწევთ პასუხის გაცემა?“

თბილისის სისხლის სამართლის საქმეთა საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ ხმაურიან საქმეს იხილავს. ამირან რობაქიძის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დაპატიმრებულია. საქმე გახსნილია და ცხადია, რომ ამირან რობაქიძეს იმ დღეს არც იარაღი ჰქონია და მას ხელაწეულს ესროლეს (“კვირის პალიტრა” ამაზე წერდა. - ავტ.). გასარკვევი ის დარჩა, ვინ მიიტანა და ვისი ბრძანებით ჩაიდო იარაღი მანქანაში რობაქიძისა და მისი მეგობრებისთვის ყაჩაღობის დასაბრალებლად.

ალეკო ალადაშვილი (დაზარებულის ადვოკატი):

“როგორც კი სასამართლოში ძირითადი მოწმეების დაკითხვა დასრულდება, იმავე დღეს აღვძრავთ გურამ დონაძისა და ზურაბ მიქაძის დაკითხვაზე შუამდგომლობას. უნდათ თუ არა დონაძესა და მიქაძეს, პასუხი უნდა გასცენ კითხვას, ვინ მიიტანა იარაღი შემთხვევის ადგილზე?”