ამერიკელი ინსტრუქტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ბუნებრივად აქტუალური ხდება რეგიონში არსებული სამხედრო ბალანსის თემა. უკვე გამოითქვა მოსაზრება, თითქოს ბალანსი უახლოეს მომავალში დაირღვევა, რაც, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, სრულებით უსაფუძვლოა.
კავკასიაში სამხედრო-სტრატეგიული ბალანსი პირველად დაირღვა 1991-1992 წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად. მაშინვე წარმოიშვნენ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სუბიექტები. მათ შორის, აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღი, სომხეთი, საქართველო, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი. ბუნებრივია, ამას ემატებოდა რუსეთის ძალზე მძლავრი „ყოფნა“ სამხრეთ კავკასიაში და მისი სტრატეგიული შესაძლებლობები.
თუ განვიხილავთ სამ ძირითად სუბიექტს, აქ ძალთა თანაფარდობა 1992 წლიდან დღემდე დიდად არ შეცვლილა. საქართველო ამ თვალსაზრისით ვერც კი შეედრება თავის ისტორიულ მეზობლებს, რომლებიც დღემდე, ფაქტობრივად და იურიდიულად, ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფებიან.
საკმარისია ითქვას, რომ სომხეთი თავდაცვაზე ყოველწლიურად 200 მილიონ დოლარს ხარჯავს. დაახლოებით ამდენივეს - აზერბაიჯანი. მაშინ, როდესაც საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი სულ 20-30 მილიონი დოლარია.
თუმცა, ამ ფაქტის ერთმნიშვნელოვნად და ემოციურად შეფასებაც არ შეიძლება: თუ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებიდან „საგარეო“ (უპირველესად, რუსეთის) ფაქტორის გამორიცხვას შეძლებს დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევის შედეგად, მაშინ პრობლემათა სამხედრო ძალით გადაწყვეტას 20-30 მილიონ დოლარად შექმნილი მცირერიცხოვანი არმიაც ეყოფა, ხოლო თუ ამ ფაქტორის გამორიცხვას ქართული პოლიტიკა ვერ შეძლებს, ასეთ შემთხვევაში 500-მილიონიანი სამხედრო ბიუჯეტიც არ იქნება საკმარისი.
სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში კი სულ სხვა ფაქტორთან გვაქვს საქმე - იქ თანაბარზომიერი და თანაბარმაშტაბური მოწინააღმდეგეები უპირისპირდებიან ერთმანეთს უშუალოდ. რაკი სომხეთი რეგიონში რუსეთის ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა, სწორედ მას ჰქონდა საშუალება, მიეღო ხარისხობრივად უპირატესი სამხედრო ტექნიკა რუსეთისაგან. ტანკების, ჯავშნოსანი მანქანების, საარტილერიო სისტემების ოდენობით სომხეთი არათუ ბევრად აჭარბებს, არამედ ჩამორჩება კიდეც აზერბაიჯანს. სამაგიეროდ, იგებს ხარისხითა და ტექნოლოგიით. გარდა ამისა, სომხეთმა რუსეთისაგან მიიღო სუ-31 ტიპის შესანიშნავი ზებგერითი ავიაგამანადგურებლები და „სკადის“ ტიპის საშუალო სიშორის რაკეტები, რომელთა მეშვეობით ყარაბაღიდან შესაძლებელია ბაქოს დაბომბვა.
თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ამ რაკეტებს ბირთვული, ბაქტერიოლოგიური ან ქიმიური იარაღი არ „მიაქვთ“, მათი ეფექტი მხოლოდ ფსიქოლოგიურია, ხოლო სამხედრო შედეგი - მინიმალური.
სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით, საქართველოს მსგავსი საშუალებები არ გააჩნია. თუმცა ზოგიერთი უპირატესობა ჩვენც გვაქვს: მაგალითად, სუ 25 ტიპის „მფრინავ ტანკთა“ თბილისშივე დამზადების შესაძლებლობა. მაგრამ სომხეთი იმავე იარაღს რუსეთისგან იღებს, ხოლო აზერბაიჯანი - უკრაინაში ყიდულობს.
ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ან 10 „იროკეზის“ ტიპის ვერტმფრენი (რომელთაგან 4 სათადარიგო ნაწილებად არის დაშლილი), ჯერჯერობით, მიზერული ფაქტორია და ბევრს არაფერს ცვლის სამხედრო, სტრატეგიულ ბალანსში.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, ვითომდაც ბალანსი არ შეიძლება შეიცვალოს, თუ ამერიკა გაზრდის დახმარების ოდენობასა და ხარისხს. თანაც, ამერიკას აქვს საშუალება, საქართველოს მიაწოდოს საბჭოთა წარმოების შეიარაღება. ოღონდ, ეს უეჭველად სამომავლო საქმეა. დღეს კი სამხედრო დახმარება ინსტრუქტაჟს არ სცილდება. მაგრამ ასეთი დახმარებაც ძალიან მნიშვნელოვანია - არმიის პროფესიული მომზადება ბევრად მეტი „ღირს“, ვიდრე იარაღი. უბრალოდ, საქმე ის გახლავთ, რომ ასეთი სახის დახმარების ეფექტი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მჟღავნდება.