ოფიციალური მოსკოვი ბელარუსის ხელისუფლებას ზედმეტი ნეგატიური ემოციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ოფიციალური მოსკოვი ბელარუსის ხელისუფლებას ზედმეტი ნეგატიური ემოციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ოფიციალური მოსკოვი ბელარუსის ხელისუფლებას ზედმეტი ნეგატიური ემოციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„საჭიროა ზედმეტი ნეგატიური ემოციების შეწყვეტა, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ ოფიციალური მინსკი რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებების გარკვევას ობიექტურად შეეცდება.

„მომხდარის, როგორც ბელარუსის შიდა საქმეებში გარე ჩარევის წარმოჩენა, გაოცებას იწვევს. მინსკში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები ბელარუსის გავლით სტამბოლში მიემგზავრებოდნენ. მათ ყველა საჭირო დოკუმენტი ჰქონდათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

29 ივლისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს. ყველა დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა. ბელარუსის შესაბამის უწყებებში განაცხადეს, რომ დაქირავებული მებრძოლები ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ჩავიდნენ. ბელარუსის პრეზიდენტმა მომხდარს საგანგებო სიტუაცია უწოდა. აღნიშნულ დაკავებაზე საქმე ტერაქტის მომზადების მუხლით აღიძრა.