ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის, ანდრეი რავკოვის განცხადებით, მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლის დააკავებასთან დაკავშირებით საქმე ტერაქტის მომზადების მუხლით აღიძრა.
„სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით აღიძრა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
29 ივლისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს. ყველა დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა. ბელარუსის შესაბამის უწყებებში განაცხადეს, რომ დაქირავებული მებრძოლები ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ჩავიდნენ. ბელარუსის პრეზიდენტმა მომხდარს საგანგებო სიტუაცია უწოდა.