აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ უნდა დაიცვას აშშ-მა გერმანია რუსეთისგან.
„გერმანია რუსეთს ენერგორესურსებისთვის ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდის და ჩვენ გერმანია რუსეთისგან უნდა დავიცვათ? რას ნიშნავს ეს?“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ბერლინი იმის გამო, რომ გერმანია ნატოს თავდაცვის ხარჯებისთვის მშპ-ის 2%-ს არ იხდის.
29 ივლისს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 11 900 ჯარისკაცს გამოიყვანს.
„აშშ-ის ევროპული სარდლობის მოქმედი გეგმის თანახმად, გერმანიიდან 11 900 ჯარისკაცის გამოყვანა განხორციელდება. აქედან დაახლოებით 6 400 ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდება“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
მარკ ესპერმა ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით 5 600 ამერიკელი სამხედრო იტალიასა და ბელგიაში იქნება დისლოცირებული. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედროების გამოყვანის გეგმა ივნისის ბოლოს დაამტკიცა.