მომღერალი ბესიკ კალანდაძის გარშემო უამრავი ჭორ–მართალი ტრიალებს. საზოგადოებაში დიდი გაკვირვება გამოიწვია, როცა იგი რუსეთში ციხეში აღმოჩნდა. როგორც თავად აცხადებს, მიზეზი ცოლის, ციცინო შურღაიას, ცილისწამება იყო. მომღერალს ამ თემაზე ლაპარაკი არ უყვარს, შევეცადეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ბესიკ კალანდაძის პოზიცია დაგვეფიქსირებინა. მომღერალი ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს, აქვს მცირე ბიზნესიც. ჰყავს ქალ–ვაჟი - 17 და 14 წლის.
ბატონო ბესო, ეკლესიურად ცხოვრობთ?
- ვერ ვიტყვი რომ ეკლესიურად ვცხოვრობ. ყველა წესი დამიცვია, მაგრამ ბოლო პერიოდში მარხვას ვერ ვიცავ. შეუძლებელია, მარხვა დაიცვა და თან სასამართლო პროცესი გქონდეს. როცა ვიღაცასთან კონფლიქტში ხარ, რთულია სულიერ სიმშვიდეზე საუბარი.
სასამრთლო პროცესები თქვენს მეუღლესთან, ციცინო შურღაიასთანაა დაკავშირებული?
- რა მნიშვნელობა აქვს ვისთან, ამაზე არაერთხელ ითქვა და კიდევ ერთხელ ხაზის გასმა არ მინდა. ის იმდენად არაეკლესიური და უღვთო ადამიანია, რომ მისი ხსენებაც კი არ მინდა.
თუმცა, ქალბატონმა ციცინომ თქვენზე ასე ნამდვილად არ ისაუბრა. მან თქვა, რომ თქვენ იყავით ზღაპარში, მაგრამ ეს ვერ აღიქვით. მართლა ასე იყო?
- ეს არის ადამიანი მატყუარა, რაც უკვე სასამართლომაც დაამტკიცა. ის არის თაღლითი. საერთაშორისო კონგრესებზე დადის ყოველ წელს. არცერთ კონგრესს აცდენს. ამაში ფულს იხდის, გზის, სასტუმროს და კვების ფულსაც თვითონ იხდის. ეს იმისთვის სჭირდება, რომ იქ მისცემენ სერტიფიკატს, რომ კონგრესს ესწრებოდა. მერე ჩამოკიდებს ამ სერტიფიკატს სამსახურში და ხალხს ეუბნება, რომ მიიწვიეს. სერტიფიკატში ხომ არ ჩაწერენ, მიიწვიეს თუ თავისი ხარჯებით ჩავიდა.
რისთვის სჭირდება მას მსგავსი საქციელი?
- ამაზე საუბარი არ ღირს. მთავარია, სასამართლომ მას უკვე დააკისრა ბოდიშის მოხდა, უარყოფა იმ ცილისწამების, რომელიც მან შურისძიების მიზნით პათოლოგიური ეჭვიანობის გამო ჩაიდინა.
თქვენზე ეჭვიანობდა?
- ეს მისი პრობლემაა. თუ ვინმე გამოჩნდება ღვთისნიერი კაცი, ვინც მოაგვარებს ამ საქმეს და ფსიქიატრიულში წაიყვანს, კარგი იქნება. სამწუხაროდ, კანონი არ არსებობს, რომ ძალისმიერი მეთოდით მოხდეს ამის გაკეთება და მას დააკისროს ფსიქიატრიული შემოწმება. მას რომ მძიმე დანაშაული ჩაედინა, სასამართლო დაავალებდა ფსიქიატრთან გაეარა კონსულტაცია. თუმცა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე დანაშაული იყო. ცილისწამება, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ცოდვაა. ძნელად შეენდობა. გულით უნდა მოინანიო, რომ ღმერთმა შეგინდოს.
ასე იმიტომ ხომ არ მოიქცა, რომ თქვენი დაკარგვა არ უნდოდა?
- როცა ამდენ სიბილწეს აკადრებ საკუთარ ქმარს და მერე კიდევ ცდილობ, დაიბრუნო ის, ციხეში ჩასმის, დაბრალების, ცილისწამების მეთოდით, ეს არანორმალურია. ღმერთმა დაიფაროს ყველა იმ საშინელებისგან, რაც მე გადავიტანე. ამის მერე კიდევ ცდილობდე და იმედი გქონდეს, რომ შენ დაიბრუნებ მას, ან არანორმალური ან ბოროტი ხარ, რომ გინდა რაღაც უარესი ჩაიდინო.
თქვენ თუ დაუბრუნდებით, ის თავისუფლად შეგირიგდებათ?
- მე მაზოხისტი უნდა ვიყო, რომ ისევ დავუბრუნდე იმ საშინელებას, რაც ერთხელ უკვე გავიარე.
ერთად მართლა წელიწადნახევარი იყავით?
- მე არ დამითვლია და მინდა, საერთოდ ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან. ეს იყოს როგორც შავი ლაქა. მინდა ყველას თავისი ადგილი მივუჩინო. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, არც მისით დამიწყია და არც დავასრულებ. შვილები მყავს, მათ უნდა მოვუარო. სად ვდიო გიჟებს. მე მას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, სიმართლეს ვამბობ.
როგორ დაიწყო თქვენს შორის კონფლიქტი?
- არ მაქვს სურვილი, ამ თემაზე რამე ვთქვა. ეს თემა ჩემთვის იაფფასიანია.
საჩივარი მან შეიტანა?
- არა, მე შევიტანე ცილისწამების გამო. თუ სასამართლოს დადგენილებას არ დააკმაყოფილებს, ჩასვამენ ციხეში, ან ბოდიში მოიხადოს და უარყოს ყველაფერი, რაც დამაბრალა. საშინელებაა, რომ ამ იარლიყით მთელი ცხოვრება ვიარო.
რა დაგაბრალათ?
- ქურდობა. ეგ ხობში რომ ცალი კალოშით დარბოდა, იმ დროს ნახევარი მსოფლიო მქონდა მოვლილი. სასაცილოა, თურმე 20.000 შეფასებული ბეჭდებით 300.000 დოლარიანი სახლი ვიყიდე. რუსეთში სარჩელი შეიტანა ჩემს წინააღმდეგ და პირდაპირ ასე წერია, რომ 20.000–ად შეფასებული ბეჭდები მოვპარე.
ფილმ „გარიგების" ერთ–ერთ გმირს შეგადარათ ჟურნალისტმა, მაგრამ ქალბატონი ციცინო არ დაეთანხმა, რადგან გარიგების ის გმირი გაცილებით ინტელექტუალი აღმოჩნდაო, ვიდრე თქვენ. ამაზე რა რეაქცია გქონდათ?
- ჩემს ინტელექტზე როგორ უნდა ილაპარაკოს, თავის სპეციალობის გარდა, წიგნი არ წაუკითხავს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მისი წონა წიგნი მაქვს წაკითხული.
ხომ შეუძლია ფული გადაიხადოს და ციხეში არ ჩასვან?
- ასე არ გამოვა. მას ერთი შანსი აქვს, საქართველოში არ უნდა ჩამობრძანდეს. მე ნამდვილად ვიცი, რომ სასამართლო დადგენილებას თუ არ შეასრულებს, მას ციხე ემუქრება.
ბატონო ბესო, გვიამბეთ თქვენს შვილებზე.
- ორი შვილი მყავს. მეუღლე, იურიდიულად ისევ ქალბატონი ციცინო ბრძანდება, რომელსაც ვერ დავაღწიე თავი. პროცესს აჭიანურებს, მაგრამ ყველაფერს აქვს ბოლო. როცა ჩემს წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, ერთი მოსამართლე, ალბათ, ციცინომ მოისყიდა. სააპელაციოში რომ ვიჩივლე, სხვა მოსამართლემ განაჩენი ჩემ სასარგებლოდ გამოიტანა. იურიდიულად ჩემი ცოლია, თუმცა 2 წელია არანაირი ურთიერთობა აქ მაქვს. არ მინდა ამ მატყუარა ქალზე ლაპარაკი.
ნამდვილად 200.000 დოლარი ღირს თქვენი ბინა?
- შეიძლება 350.000–იც, 20.000 დოლარი ნამდვილად არ ღირს. 10–ჯერ მეტი კი. მატერიალური მდგომარეობა გადამწყვეტია ყველა ადამიანისთვის, ოღონდ გააჩნია, ვის რა მადა აქვს. ჩემი მადა ძალიან ზომიერია.
პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ხართ?
- ჩართული ვარ სულით და გონებით, მაგრამ არა ფიზიკურად. აპოლიტიკური ფიგურა ვარ, მე მაქვს ჩემი პოზიცია. ორი წელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ვიყავი, ამ სფეროზე მაქვს წარმოდგენა. ჯერჯერობით ჩემი გააქტიურების საჭიროებას ვერ ვხედავ. სპეციალობით ფინანსისტი ვარ. ეკონომიკის დარგშიც სერიოზული გამოცდილება მაქვს. თუ ჩვენს ქვეყანას რამით დავეხმარები, მადლობელი ვიქნები. ზოგს მიმდინარე პროცესები არ მოსწონს, მაგრამ ჭეშმარიტება დუღილის პროცესში იბადება. ეს ჩვენი სახადია და უნდა გადავიტანოთ.