დავით გამყრელიძე - „ვანოს თავი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის“

დავით გამყრელიძე - „ვანოს თავი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის“

დავით კირკიტაძის კეთილშობილური ჟესტი ოპოზიციამ შეურაცხყოფად მიიღო - რას ჰქვია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი შემოგვთავაზეთო, გაცხარდნენ “ახალი მემარჯვენეები” და ყველა კომიტეტში დატოვეს მოადგილეების თანამდებობები.

დავით გამყრელიძესთან საუბრისას “კვირის პალიტრამ” გაარკვია, რომ “ახლების” ლიდერს ბურჯანაძის სავარძელიც არ ნდომებია. გამყრელიძე ვანო მერაბიშვილის თავს ითხოვს და მზად არის, ოპოზიციის დანარჩენი მოთხოვნებისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზის რინგზე იბრძოლოს...

ცხადია, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან საუბრისას ვერც ბოლო დროს ძალზე გააქტიურებული იგორ გიორგაძის თემას ავუარეთ გვერდი. გასულ კვირას “ახალმა მემარჯვენეებმა”, კონსერვატორებმა, რესპუბლიკელებმა და პარტია “თავისუფლებამ” ერთობლივი განცხადება გააკეთეს - გიორგაძეს ვემიჯნებითო. თურმე ამ განცხადებისთვის გიორგაძესთან ალიანსში ეჭვმიტანილ ნათელაშვილსაც დაუჭერია მხარი და სალომე ზურაბიშვილსაც. დანარჩენს კი დავით გამყრელიძესთან ინტერვიუში შეიტყობთ.

დავით გამყრელიძე: - იგორ გიორგაძის გამოჩენამ და მისმა გააქტიურებამ ოპოზიციური პარტიები გვაიძულა, დაგვეფიქსირებინა, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით იგორ გიორგაძეს და მის მხარდამჭერ პარტიებს. ყველა პოლიტიკური ძალა, ვისთვისაც სულერთი არ არის საქართველოს მომავალი, ასევე უნდა გაემიჯნოს ტერორისტებს, გრუ-სა და ფე-ეს-ბეს მიერ შექმნილ ძალებს. საქართველოში უნდა დასრულდეს სხვა ქვეყნებიდან პრეზიდენტების შერჩევა და არჩევა. არც აშშ-ის ხელდასხმული პრეზიდენტი გვინდა, არც რუსეთის და არც რომელიმე სხვა ქვეყნის.

იგორ გიორგაძის გააქტიურებამ გვაფიქრებინა ისიც, ყველაფერი ეს ხელისუფლების ხელშეწყობით ხომ არ ხდება-თქო. სწორედ სააკაშვილს აძლევს ხელს, რომ ქვეყანაში მის ალტერნატივად უპერსპექტივო და ისეთი არაპოპულარული ფიგურა გამოჩნდეს, როგორიც იგორ გიორგაძეა. სააკაშვილი სწორედ იმ მეთოდის გამეორებას ცდილობს, რომელიც მან და მისმა მეგობრებმა გამოიყენეს ასლან აბაშიძის გადაყენებისას. თუ ასე არ არის, მაშინ როდესაც ყველას იჭერენ, რატომ მოქმედებს ასე აშკარად იგორ გიორგაძის პოლიტიკური ძალა, იგორ გიორგაძის სახელობის ფონდი? ეს ხომ იგივეა, რომ აშშ-ში ბინ ლადენის სახელობის ფონდი მოქმედებდეს? დღევანდელი კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა, რომ გიორგაძის დაუსწრებლად ჩატარდეს სასამართლო პროცესი და გაირკვეს მისი ბრალეულობის საკითხი. ეს ხომ საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს იმ პერსპექტივას, რომ იგორ გიორგაძემ კენჭი იყაროს და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში?

იგორ გიორგაძეს ტანკებით თუ მოიყვანს რუსეთი, მას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების სხვაგვარი პერსპექტივა არ აქვს.

არ მომწონს სააკაშვილი და მინდა მალე ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, მაგრამ თუ ვინმე მასზე ტერაქტის მოწყობას გაბედავს, პირველი მოვითხოვ მის დასჯას. მივესალმებით, თუ ხელისუფლება იგორ გიორგაძის წინააღმდეგ დაიწყებს სასამართლო პროცესს და აიკრძალება ის პოლიტიკური ძალა და ფინანსური ნაკადი, რომელიც მასთან არის დაკავშირებული.

იგორ გიორგაძე აცხადებს, რუსეთის თავშესაფარი არ მჭირდება, სამშობლოში უნდა დავბრუნდეო.

- იგორ გიორგაძეს მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებითა და სახელმწიფო გადატრიალებით შეუძლია დაბრუნება, ან სააკაშვილმა უნდა ჩაიდინოს ისეთი სისულელე, რომ ხალხს იგორ გიორგაძის გარდა სხვა მხსნელი აღარ ჰყავდეს. სააკაშვილის წასვლა კი მინდა, მაგრამ თანახმა არ ვარ მის მოსაცილებლად ნებისმიერი ხერხი გამოვიყენო და ნებისმიერს შევეკრა.

გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვა სცადა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობაც კი დათმო ოპოზიციის სასარგებლოდ, მაგრამ ამ ნაბიჯს ოპოზიციამ, კერძოდ კი თქვენმა ფრაქციამ, ძალზე ხისტად უპასუხა - პარლამენტის კომიტეტებში თანამდებობები დატოვეთ. რატომ მოიქეცით ასე?

- უმრავლესობის საქციელი შეურაცხმყოფელი იყო. იფიქრეს, რომ ბოიკოტს თანამდებობების და არა იმ პოზიციის გამო ვაცხადებთ, რომელიც მემორანდუმში ჩამოვაყალიბეთ. არ შეიძლება ვანო მერაბიშვილი მინისტრიც იყოს და მკვლელების მფარველიც. სანამ გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელები არ დაისჯებიან, ჩვენ სხდომათა დარბაზში არ შევალთ. ამ მოთხოვნებს როგორ გავცვლით კირკიტაძის გადმოგდებულ თანამდებობაზე. ბურჯანაძემაც რომ დამითმოს თავისი პოსტი, ისიც არაფერში მჭირდება. მეტიც, მასაც მოვუწოდებთ, რომ თანამდებობა დატოვოს, სანამ მკვლელები არ დაისჯებიან, სანამ მერის თანამდებობა არ იქნება არჩევითი და ნორმალური საარჩევნო კანონმდებლობა არ იქნება. ხელისუფლებამ სცადა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა - ოპოზიციას თანამდებობები უნდაო. ოპოზიციას ხელისუფლებასთან სავაჭრო და დასამადლებელი არაფერი აქვს. ამიტომაც დატოვეს თანამდებობები ჩვენი ფრაქციის წევრებმა და დავუთმეთ ადგილები გაუმაძღარ უმრავლესობას. დანაყრდნენ ამ თანამდებობებით, ოღონდ ვანო მერაბიშვილის თავი გადმოაგდონ.

ანუ მერაბიშვილის თავი იქნება სხდომათა დარბაზში დაბრუნების პირობა?

- ვანოს თავი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მას თუ გადააყენებენ, საარჩევნო კოდექსისა და სხვა მოთხოვნებისთვის სხდომათა დარბაზში დაბრუნება და ბრძოლა ღირს. მერაბიშვილის გადაყენება ნიშნავს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ახალაიას, სანოძის, მელნიკოვისა და დონაძის წინააღმდეგ. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, ჩვენმა დეპუტატებმა შესაძლოა შიმშილობაც დაიწყონ.

უმრავლესობა თავდაპირველად ხარხარით შეხვდა ჩვენს ბოიკოტს, მაგრამ ახლა ძალზე უხასიათოდ არიან. მთლიანად გაშიშვლდნენ, დემოკრატიის დეკორაცია, რომელიც შექმნეს, დაინგრა, მათ ნიღაბი ჩამოეხსნათ. ვინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, ყველა კითხულობს, რატომ არის ქვეყანაში ასეთი კრიზისიო. როდესაც ოპოზიცია 2 თვის განმავლობაში არ შედის სხდომათა დარბაზში, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ხელისუფლება ან რეალურ დათმობებზე უნდა წავიდეს, ან არა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

ფიქრობთ, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ოპოზიციის უფრო მეტი წარმომადგენელი მოხვდება პარლამენტში?

- რა თქმა უნდა... არ მინდა, პარლამენტში ერთი ძალა (მნიშვნელობა არ აქვს, რომელი) იყოს კონსტიტუციური უმრავლესობის განმკარგველი. რომც მაჩუქოს ხალხმა კონსტიტუციური უმრავლესობა, უარს ვიტყოდი - ეს დამანგრეველია, პოლიტიკურ ლიდერს რყვნის.

ახლავე უნდა მივაღწიოთ ოპოზიციურმა ძალებმა კონსენსუსს, როგორი კონსტიტუციური მოდელი ავირჩიოთ, რომ ქვეყანაში აღარ იყოს ასეთი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტი.

ინტერესი გამოიწვია იმან, რომ ლონდონში თქვენი და ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრას მალე პრეზიდენტთან პატარკაციშვილის სტუმრობა მოჰყვა.

- ბადრი პატარკაციშვილთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, თავი მის მეგობრად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ საკითხებზე ხშირად ვკამათობთ და რევოლუციის შემდეგაც სხვადასხვა პოზიციაზე ვიყავით. ბადრი მხარს ახალგაზრდა ხელისუფლებას უჭერდა და მისი არასწორი ნაბიჯები მხოლოდ გულუბრყვილო შეცდომად მიაჩნდა და არა მიზანმიმართულ ქმედებად. აქ არ გახლდით, როდესაც ბადრი ბიზნესმენთა ფედერაციაში გამოვიდა და ცივი წყალი გადაასხა ხელისუფლების პიარს - ბიზნესის განვითარებას ხელს შევუწყობთო. იმ დროს რომში ვიყავი კონგრესზე, სხვათა შორის, სააკაშვილიც იქ იყო.

ბატონ ბადრის შევეხმიანე და მითხრა, ერთხანს ლონდონში ვიქნები, მერე კი აშშ-ში მივემგზავრებიო. დიდი დრო გავიდოდა, სანამ შევხვდებოდით და გადავწყვიტე, ლონდონში ჩავსულიყავი. მაინტერესებდა, განზრახული ჰქონდა თუ არა პოლიტიკაში მოსვლა. მითხრა, აქტიურ პოლიტიკაში იძულებით თუ ჩავერთვებიო. პრობლემას ხედავს იმაში, რომ ხელისუფლება ზედმეტად ძლიერია, ოპოზიცია ვერ ახერხებს მის გაწონასწორებას. მიაჩნია, რომ ოპოზიციის გაძლიერება აუცილებელია. ჩაერთვება თუ არა პროცესში ბადრი, არ ვიცი. ვისურვებდი, რომ ის ამ ბრძოლაში ჩაერთოს - ამით სასწორი ოპოზიციის მხარეს გადაიხრებოდა. ეს სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვისაც და თავად სააკაშვილისთვისაც.

შესაძლოა, სააკაშვილმაც იეჭვა ეს და ამიტომ შეხვდა პატარკაციშვილს. მიშას დღეს რეიტინგულად უჭირს, პრობლემები აქვს ოპოზიციასთან, კარზე მომდგარია ადგილობრივი არჩევნებიც, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების თქმით, ამ ხელისუფლების ინდიკატორი იქნება. ამიტომ პრეზიდენტი ცდილობს, ოპოზიციის გაძლიერება არ დაუშვას და არ შემატოს პატარკაციშვილის სახით ძლიერი ძალა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ეტყოდა: ბადრი, გარანტიას გაძლევ, ცუდი არაფერი მოხდება და ქვეყანაში დემოკრატიას დავამყარებო.

ისიც ითქვა, ამ შეხვედრაზე პატარკაციშვილმა თავისი მეგობარი გამყრელიძისთვისაც მიიღო განსაზღვრული გარანტიებიო.

- ბადრი პატარკაციშვილი რომელიმე პარტიაზე განსაკუთრებულად არ ზრუნავს. მისი მიმზიდველობა ის არის, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ არის დაკავშირებული და არც პარტიის შექმნას აპირებს. ამით არის ის საინტერესო საზოგადოებისთვის. მას შეუძლია დიალოგი პრეზიდენტთანაც, ჩემთანაც და ოპოზიციის სხვა ლიდერებთანაც.

ბადრი პატარკაციშვილის და ხომ თქვენი თანაპარტიელია?

- მზია დიდი ხანია ჩვენი პარტიის წევრია, ის დამოუკიდებელი ადამიანია და შეურაცხყოფად მიიღებს, ვინმემ რომ უთხრას, ბადრიმ გაგგზავნათ “ახალ მემარჯვენეებთანო”. მე და ბადრი მეგობრები კი ვართ, მაგრამ პოლიტიკური დიალოგი შეწყვეტილი გვქონდა იმის გამო, რომ ის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი იყო. ეს ბადრის შეცდომად მიმაჩნდა და ვფიქრობ, მართალი აღმოვჩნდი.

ისიც ითქვა, პრეზიდენტმა პატარკაციშვილს პრემიერმინისტრობა შესთავაზაო.

- ვისურვებდი, რომ ეს არ მოხდეს, რადგან პატარკაციშვილის პრემიერმინისტრობა სააკაშვილს გააძლიერებს და საზოგადოებას იმედს გაუჩენს, პრეზიდენტის ხელისუფლებას რაღაც პერსპექტივა აქვსო. თუმც პრემიერად გინდ პატარკაციშვილი მოიყვანოს, გინდ ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის ხელისუფლებას მომავალი არ აქვს.

გასულ კვირას თანასწორობის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ აქციაზე თქვენი პარტია განსაკუთრებით რატომ აქტიურობდა?

- ეს სანდრო გირგვლიანის მეგობრების, მისი ოჯახის წევრებისა და თანასწორობის ინსტიტუტის ორგანიზებული აქცია იყო. ჩვენ კი სოლიდარობას ვუცხადებთ იმ აქციებს, რომლებიც სანდრო გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელების დასჯის მოთხოვნით ჩატარდება. როდესაც აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო, ხელჩართულ ბრძოლაში ჩავერთე. ამაზრზენია, როცა საზოგადოების სამართლიან მოთხოვნას, მკვლელები დაისაჯონ, ხელისუფლება უხეშ ძალას უპირისპირებს. ასეთი ხელისუფლება განწირულია. ასე იქცეოდა მისი წინამორბედიც და არ მინდა დღევანდელიც ძალისმიერი გზით დაემხოს.