სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა.
სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ 27 ივლისს, 01:00 საათზე აზერბაიჯანული მხარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით დისლოცირებული დანაყოფის საგუშაგოზე მყოფი კონტრაქტორი, აშოტ მიკაელიანი დაიჭრა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო და 4 დღეს გაგრძელდა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილისა და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიუხედავად ვითარება საზღვარზე დაძაბულია.