რამზან კადიროვმა მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა

რამზან კადიროვმა მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მაიკ პომპეოს სასანქციო სიაში ჩართვას ვაცხადებ. მათ შორის, მისი ანგარიშების გაყინვას“, - განაცხადა რამზან კადიროვმა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ არ ესმის, თუ რატომ დაუწესა ოფიციალურმა ვაშინგტონმა სანქციები მის მეუღლესა და შვილს.

20 ივლისს აშშ-მა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. შშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებია.

„ჩვენ სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზეა პასუხისმგებელი. სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ძალადობის მუქარას ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის მხრიდან ორ ჟურნალისტთან მიმართებაში, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაციას აშუქებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ სანქციები კადიროვის მეუღლესა და შვილებზეც გავრცელდება.