თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თურქეთი საბერძნეთისა და კვიპროსის სუვერენიტეტის დარღვევის გამო დაგმო.
„საფრანგეთი კარგავს თავის ნეიტრალიტეტს და შანსს, წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰამი აქსოიმ.
მისი თქმით, საფრანგეთმა ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო ამგვარი პოლიტიკის გატარებიდან.
„საფრანგეთმა უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავის დიდების შარავანდედით შემოსვა და უფრო თავშეკავებული და რაციონალური პოლიტიკა უნდა გაატაროს. პრეზიდენტ მაკრონის განცხადებებს ჩვენი ქვეყნისთვის ღირებულება არ გააჩნია. არავის აქვს უფლება თურქეთს სანქციების ენით დაემუქროს“, - განაცხადა მან.
23 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის მიერ საბერძნეთისა და კვიპროსის სუვერენიტეტის დარღვევა დაგმო.
„კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო საფრანგეთის სრული სოლიდარობა კვიპროსთან, ასევე საბერძნეთთან იმის ფონზე, როდესაც თურქეთი მათ სუვერენიტეტს არღვევს. დაუშვებელია ჩვენი კავშირის წევრი ქვეყნის საზღვაო სივრცის დარღვევა. ვისაც ამასში წვლილი მიუძღვის, უნდა დაისაჯოს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
22 ივლისს საბერძნეთის საზღვაო ძალები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს მას შემდეგ, რაც თურქეთმა სამხედრო გემები გააგზავნა კასტელორიზოს კუნძულების რაიონში.
ოფიციალურმა ათენმა ანკარას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა უკანონო ქმედებები, რომელიც მის სუვერენიტეტს არღვევს და საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.