მაქსიმ კრივოშს, რომელმაც უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსი მგზავრებთან ერთად გაიტაცა, ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება კრივოშს ტერორიზმში, მძევლების აყვანასა და იარაღის უკანონო შენახვაში ადანაშაულებს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ აღკვეთის ღონისძიებად კრივოშს პატიმრობა შეეფარდება.
„გატაცების დროს არავინ დაშავებულა, ვფიქრობ, სასამართლო ამას გაითვალისწინებს. თუმცა, მაქსიმალური სანქცია სამუდამო პატიმრობაა“, - განაცხადა ანტონ გერაშენკომ.
ამასთან, ხარკოვის ოლქის პოლიციამ კრივოშის თანამზრახველის დაკავების შესახებ განაცხადა. სამართალდამცველების თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. მისი ვინაობა არ საჯაროვდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ კრივოშის სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.
ორჯერ ნასამართლევმა მაქსიმ კრივოშმა ლუცკში ავტობუსის მგზავრები მძევლად 21 ივლისს აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო და მას ასაფეთქებელი მოწყობილობებიც ჰქონდა. კაცი ქვეყნის მაღალჩინოსნებისგან ვიდეომიმართვის ჩაწერას ითხოვდა, რომელშიც მათ უნდა ეთქვათ, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. სამართალდამცველებმა მგზავრები შტურმის შედეგად გაათავისუფლეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.