აშშ-მა ჩინეთს ჰიუსტონში გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა.
„21 ივლისს აშშ-მა ჩინეთს ჰიუსტონში ჩინეთის გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვა. ეს აშშ-ის მხრიდან ცალმხრივი პოლიტიკური პროვოკაციაა, რაც საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების სერიოზული დარღვევაა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ჩინეთის მიმართ აშშ-ის ქმედებების უპრეცედენტო ესკალაციაა.
„აშშ-ის ტერიტორიაზე ჩინეთის დიპლომატიური მისიების საქმიანობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაძლიერებას ემსახურება“, - დასძინა ვან ვენბინმა.